აგებს თუ არა პასუხს არასრულწლოვანი მიყენებული ზიანისათვის?

საინტერესოა, თუ როგორ უნდა გადაწყდეს არასრულწლოვანი პირის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი სხვისთვის მიყენებული ზიანისათვის?

საქართველოს კანონმდებლობით, არასრულწლოვნად მიიჩნევა 18 წელს მიუღწეველი პირი, თუმცა კანონმდებლობა ზიანის ანაზღაურებისაგან ათავისუფლებს მხოლოდ იმ არასრულწლოვანს, რომელსაც 10 წელი არ შესრულებია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, 10 წლის მიუღწეველი პირის მიერ მიყენებული მართლსაწინააღმდეგო ზიანისათვის პასუხს აგებენ მშობლები ან ის პირები, რომლებსაც ბავშვის ქცევის მეთვალყურეობის ვალდებულება ეკისრებოდათ.

მშობლები ვალდებულნი არიან 10 წლამდე შვილის მიერ მიყენებული ზიანი აანაზღაურონ, თუმცა, არსებობს გამონაკლისიც, როდესაც მშობლები არ აანაზღაურებენ ბავშვის ქმედებით გამოწვეულ ზიანს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მშობლებს ან ბავშვის მეთვალყურეობაზე ვალდებულ პირებს ობიექტურად არ შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ დამდგარი ზიანი.

იმ შემთხვევაში, თუკი ზიანის მიმყენებელი პირი არის 10 წელს მიღწეული, თუმცა არასრულწლოვანი, მიყენებული ზიანისათვის თავად არასრულწლოვანი აგებს პასუხს (თუ ზიანის მიყენებისას მას შეეძლო თავისი მოქმედების მნიშვნელობის გაგება).

საგულისხმოა ისიც, რომ 10 წელს მიღწეული არასრულწლოვანის შემთხვევაში, რომელსაც გააზრებული ჰქონდა თავისი მოქმედების მნიშვნელობა, მაგრამ არ აქვს საკმარისი ქონება ზიანის ასანაზღაურებად, პასუხისმგებლობა ეკისრებათ მის წარმომადგენლებსაც (მშობლებს).

ავტორი: ხვიჩა თევდორაშვილი