ადვოკატის მიერ კვალიფიციური და კეთილსინდისიერი მომსახურეობის გაწევა
იურისტს, მას შემდეგ, რაც შეიძენს ადვოკატის სტატუსს, ეკისრება ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების დაცვა. ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მიხედვით, ადვოკატი ვალდებულია იხელმძღვანელოს დამოუკიდებლობის, ნდობის, კონფიდენციალობისა და კლიენტის საუკეთესო ინტერესების პრინციპების დაცვით.
გავრცელებულია შეხედულება, რომ ადვოკატის კვალიფიციურობა განისაზღვრება მის მიერ მოგებული ან წაგებული საქმეებით, თუმცაღა, უნდა აღინიშნოს, რომ საქმის წაგება არ წარმოადგენს მის კომპეტენციაში ეჭვის შეტანის მიზეზს. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ მიუხედავად ყოველგვარი ვალდებულების განხორციელებისა, შესაძლოა, მაინც არ დადგეს კლიენტისათვის სასურველი შედეგი. შესაბამისად, საქმის პოზიტიურად დასრულებაც არ ნიშნავს, რომ ადვოკატი კვალიფიციურია.
ადვოკატი კვალიფიციურად მიიჩნევა, თუ მან კარგად იცის სამართლის აქტუალური საკითხები, აქვს სათანადო ცოდნა როგორ გაუძღვეს კონკრეტულ საქმეს, გარკვეულია იურიდიულ პრაქტიკაში და ნათლად იცის, თუ როგორ მოიძიოს მისი კლიენტის პოზიციის დასაცავად მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ადვოკატი მოქმედებდეს პროფესიული საქმიანობის ძირითადი პრინციპების დაცვით. ერთ-ერთ ასეთ პრინციპს წარმოადგენს დამოუკიდებლობის პრინციპის დაცვა, რაც გულისხმობს, რომ მასზე არ უნდა ახდენდეს ზეგავლენას გარეშე ფაქტორები. მან უნდა დაიცვას კონფიდენციალობის პირობები, მიაწოდოს კლიენტს ყველა საჭირო და სათანადო ინფორმაცია, ზედმიწევნით გამოიკვლიოს და შეისწავლოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაიცვას კლიენტის საუკეთესო ინტერესები, ისე, რომ გაითვალისწინოს უშუალოდ მისი სურვილები და მოთხოვნები, მიუხედავად იმისა, მიაჩნია თუ არა ესეთი მოთხოვნები სწორად. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადვოკატს არ აქვს უფლება ბოროტად გამოიყენოს მარწმუნებლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება.
გახსოვდეთ, ადვოკატს პროფესიული ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევით განხორციელებული საქმიანობის შემთხვევაში შესაძლოა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, რაც რა თქმა უნდა განხილულ იქნება სამოქალაქო წესით.
ავტორი: გიორგი ბიჩინაშვილი