ალიმენტი – მშობლებისა და შვილების ვალდებულებები
ალიმენტი ლათინული სიტყვაა და ქართულად საზრდოს, საკვებს ნიშნავს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
მნიშვნელოვანია, რომ არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტების ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. მაგრამ, სამწუხაროდ, არც თუ ისე იშვიათია, როცა ერთ-ერთი მშობელი თავს არიდებს აღნიშნულ ვალდებულებას. ასეთ შემთხვევაში კი ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება სასამართლოს მიერ. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. გარდა ამისა, მშობელს შეიძლება დაეკისროს მონაწილეობის მიღება დამატებით ხარჯებშიც, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (მაგ. ბავშვის მძიმე ავადმყოფობით).
ხაზგასასმელია, რომ კანონის მიხედვით, შვილის რჩენის, განათლებისა და განვითარების ვალდებულება ორივე მშობელს თანაბრად აკისრია. შესაბამისად, ერთ-ერთი მშობელი ამ პროცესში მონაწილეობას თუ არ იღებს, მეორე მშობელს, დედას ან მამას, შეუძლია სასამართლოს მიმართოს და ალიმენტი მოითხოვოს. კიდევ უფრო ზუსტად რომ განვმარტოთ, შვილის განვითარებისთვის აუცილებელი ხარჯები ორივე მშობელმა თანაბრად უნდა გაიყოს.
გარდა იმისა, რომ მშობლებს აქვთ ზემოაღნიშნული ვალდებულებების მთელი რიგი ჩამონათვალი, არ უნდა გამოგვრჩეს, რომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და რეგულირებულია, ასევე, შვილების ვალდებულებებიც მშობლის მიმართ. სრულწლოვანი შრომისუნარიანი შვილები მოვალენი არიან არჩინონ შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ.
აუცილებლად უნდა აღინიშოს ის გარემოებაც, რომ მშობლების ან შვილების მატერიალური თუ ოჯახური მდგომარეობის ცვლილება მას შემდეგ, რაც სასამართლო დაადგენს ალიმენტის ოდენობას, შესაძლოა გახდეს სასამართლოს მიერ ალიმენტის დადგენილი ოდენობის ცვლილების საგანი.
აღნიშნული საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, რომ კანონმდებელი სხვა სამართლებრივი ურთიერთობებისგან განსხვავებულ რეგულაციებს აწესებს ალიმენტის გადახდევინების მოთხოვნასთან დაკავშირებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი კი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს მხოლოდ სამი წლის ფარგლებში.
ავტორი: მარიამ კვაჭაძე