ანდერძი და სამკვიდროს სავალდებულო წილი
ანდერძი და სამკვიდროს სავალდებულო წილის საკითხი მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. აღსანიშნავია, რომ სამკვიდრო ქონება მოიცავს როგორც მამკვიდრებლის უფლებებს, ასევე ვალდებულებებსაც, რის გამოც, კანონმდებლობა იცნობს სავალდებულო წილის ინსტიტუტს.
ანდერძი არის სამკვიდრო ქონების შესახებ მამკვიდრებლის წერილობითი ან ზეპირი განკარგულება, რომელიც უნდა შესრულდეს მისი გარდაცვალების შემდეგ. სავალდებულო წილი კი წარმოადგენს სამკვიდროს იმ ნაწილის ნახევარს, რომელიც ერგებოდა მემკვიდრეებს იმ შემთხვევაში, თუ არ იარსებებდა ანდერძი და სამკვიდროს განაწილება მოხდებოდა კანონით მემკვიდრეებზე.
უფრო კონკრეტულად რომ განვმარტოთ, მამკვიდრებელს ანუ მოანდერძეს შეუძლია ანდერძით თავისი ქონება დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს, რომლებიც არიან მემკვიდრეები კანონის მიხედვით ან სულაც არამემკვიდრეები – გარეშე პირები.
მოანდერძე ადგენს ვინ უნდა იყოს თავისი ქონების მემკვიდრე/მემკვიდრეები, ასევე შეუძლია დაადგინოს ვის რა წილი შეხვდება ამ ქონებიდან. გარდა ამისა, მოანდერძის ნებით, კანონით მემკვიდრეებს ასევე შესაძლოა შეეზღუდოთ ქონების მიღების უფლება.
ანდერძთან მიმართებით, აუცილებელია რამდენიმე გარემოების გათვალისწინება. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ თუ მოანდერძემ რამდენიმე მემკვიდრე დანიშნა ანდერძით და მხოლოდ ერთს უანდერძა მთელი ქონება, მაშინ ეს განაწილება გაბათილდება და ანდერძში მოხსენიებული მემკვიდრეები თანაბრად გაინაწილებენ სამკვიდრო ქონებას. გარდა ამისა, თუ მოანდერძემ მთელი ქონება არ გაანაწილა ანდერძით, მაშინ ანდერძის გარეთ დარჩენილი ქონება კანონით მემკვიდრეებს გადაეცემათ, რომლებიც შეიძლება ანდერძით მემკვიდრეებიც იყვნენ პარალელურად. ასევე, მნიშნელოვანია ანდერძში მოხსენებული მემკვიდრეების იდენტიფიკაცია, რადგან, თუკი ბუნდოვანია უშუალოდ რომელი პირები არიან მემკვიდრეები, მაშინ ყველა სავარაუდო პირს შორის თანაბრად განაწილდება სამკვიდრო ქონება. და რაც უმთავრესია, ანდერძი რომ სამართლებრივი ძალის იყოს, უნდა შედგეს წერილობითი ფორმით.
არსებობს სანოტარო ფორმით დამოწმებული და შინაურული ანდერძი. პირველის შემთხვევაში მოანდერძე ხელს აწერს ორი მოწმის თანდასწრებით ნოტარიუსთან ანდერძს, მეორე შემთხვევაში კი შეუძლია თავისი ხელით დაწერო და მოაწეროს ხელი. ხოლო, იმ შემთხევაში, თუ სიცოცხლის განმავლობაში მოანდერძემ რამდენიმე ანდერძი შეადგინა, მისი გარდაცვალების შემდეგ სამართლებრივი ძალა ბოლოს შედგენილ ანდერძს ექნება, თუმცა თუ შინაურული ანდერძის გარდა არსებობს ნოტარიულად დამოწმებული ანდერძი, კანონის ძალით სანოტარო ანდერძს მიენიჭება უპირატესობა.
როგორც ვხედავთ, ანდერძით მამკვიდრებელი წყვეტს თავისი ქონების ბედს მისი სიკვდილის შემდეგ, თუმცა მისი ნება არ ვრცელდება სამკვიდროს ყველა ნაწილზე, კერძოდ კი – სავალდებულო წილზე.
როგორც აღინიშნა, სავალდებულო წილი წარმოადგენს სამკვიდროს იმ ნაწილს, რასაც იღებენ მემკვიდრეები მიუხედავად იმისა თუ რა წერია ანდერძში.
მნიშნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ სავალდებულო წილის ოდენობა განსაზღვრულია კანონით. სავალდებულო წილი არის იმ ქონების ნახევარი, რაც კანონით უნდა მიეღო მემკვიდრეს, მაგალითად თუ საერთო ქონებიდან ერთ მემკვიდრეს ეკუთვნოდა 30 პროცენტი, სავალდებულო წილი ამ ქონებაზე არის 15 პროცენტი.
მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტიდან, სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება წარმოეშობა კანონით მემკვიდრეს.
ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ რაც არ უნდა იყოს ანდერძით გათვალისწინებული, სავალდებულო წილი კანონით მემკვიდრეებზე აუცილებლად განაწილდება.
გამონაკლისს შემთხვევას წარმოადგენს, როცა მემკვიდრემ თავის სიცოცხლეში სავალდებულო წილის მიღების უფლება სასამართლოს გზით ჩამოართვა მემკვიდრეს და ის უღირს მემკვიდრედ ცნო. ასეთ შემთხვევაში, ესეთი პირი სავალდებულო წილსაც ვერ მიიღებს მამკვიდრებლის ქონებიდან.
სამკვიდრო ქონების სხვაგვარი განაწილების გზა არის კანონით მემკვიდრეობა, რომლის შესახებაც შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:
ავტორი: თათია ქოჩიაშვილი