რა სამართლებრივი წესები აქვს არასრულწლოვნის საზღვარგარეთ გაყვანას
არასრულწლოვნის საზღვარგარეთ გაყვანას კანონმდებელი ზედმეტი სიფრთხილით ეკიდება, რაც სრულიად გონივრულია. ამის მიზანი არის ისეთი შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანა, რომელიც არასრულწლოვნის უსაფრთხოებას ეჭვქვეშ დააყენებდა. ასეთი გარემოება შეიძლება დღის წესრიგში დადგეს მაშინაც კი, როცა თუნდაც ერთი მშობელი ცდილობს მეორე მშობლის თანხმობის გარეშე არასრულწლოვნის საზღვრებს გარეთ გაყვანას. აღნიშნული და მასთან დაკავშირებული შემთხვევებისთვის კანონმდებელი გარკვეულ რეგულაციებს აწესებს, რომლის შესრულებაც სავალდებულოა.
საქართველოს კანონში “საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ” განსაზღვრულია გარკვეული წესები და პირობები. კერძოდ: 1) აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის მიხედვით, 16 წლამდე არასრულწლოვნის დროებით გასვლა საზღვარგარეთ შესაძლებელია ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით. ამასთან, მას თან უნდა ახლდეს ერთი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი მაინც; 2) 16-დან 18-წლამდე არასრულწლოვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის დაქორწინებული, მხოლოდ ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობაც საკმარისია; 3) არასრულწლოვანისთვის, რომელსაც ბიომეტრიული პასპორტი აღებული აქვს და თან ახლავს ერთი მშობელი, მეორე მშობლის თანხმობა, რომელიც ნოტარიულად იქნება დამოწმებული, საჭირო აღარ არის. საკმარისია ბავშვის დაბადების მოწმობაც, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ნათარგმნი და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ, რომ პირი, რომელიც მას თან ახლავს, ნამდვილად მისი მშობელია. 4) თუ არასრულწლოვანს თან არ ახლავს კანონიერი წარმომადგენლები, ასეთ შემთხვევაში მათი თანხმობის საფუძველზე შესაძლებლია მიეცეს მას პასპორტი. ამისთვის ერთ-ერთი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი თანხმობა ან სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული საშუალებით გამოხატული თანხმობაც საკმარისია, ოღონდ, ეს უკანასკნელი ხდება ისეთ შემთხვევებში, როდესაც არასრულწლოვანი არის: ა)16 წელს მიღწეული; ბ)არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი; გ)ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი, მაგრამ მხარდაჭერის მიმღებად არის ცნობილი; დ)მეორე კანონიერი წარმოამდგენელი უგზო-უკვლოდ არის აღიარებული; ე)არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც კანონიერ წარმომადგენელს ჩამოერთმევა მშობლის სტატუსი. ვ)იძებნება სისხლის სამართლის წესით; ზ)მძიმედ არის ავად და მისი ნების გამოხატვა შეზღუდულია შესაბამისი სამედიცინო ცნობით; თ)უცნობია და შეუძლებელია მისი ადგილსამყოფლის დადგენა და ა.შ.
გარდა ზემოდხსენებული კანონისა, არასრულწლოვანს, რომელიც 14 წელს მიღწეულია და რომელსაც აღებული აქვს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, შეუძლია მიმართოს სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვოს პასპორტის მიღება. აღნიშნულის რეგულირება ხდება საქართველოს კანონის საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის(ბინადრობის) მოწმბისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონით, კერძოდ, მე-202 ნაწ-4 , 41, 7, 8 ნაწილების მიხედვით.
ავტორი: გელა ბერიაშვილი