არბიტრაჟი – დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზა
სასამართლო დავის გადაწყვეტის ერთადერთ საშუალებას არ წარმოადგენს, რადგან როგორც განვითარებულ ქვეყნებში, ასევე, საქართველოში შესაძლებელია დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ გზებს მივმართოთ, როგორიცაა არბიტრაჟი და მედიაცია. მედიაციის შესახებ უფრო ვრცლად იხილეთ ჩვენი ბლოგი: https://primelegal.ge/blog/blog-mediacia/
რაც შეეხება არბიტრაჟს, მედიაციისაგან განსხვავებით, არა მომრიგებელი, არამედ დავის განმხილველი ორგანოა, რომელიც დამყარებულია პირთა თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპზე და სასამართლოსგან განსხვავებით, არბიტრის მიერ განხილული დავა გაცილებით მოკლე დროში სრულდება და მხარეებისგანაც ნაკლებ ფინანსურ დანახარჯს მოითხოვს. არბიტრაჟის მიერ საქმის განხილვის პროცესი დახურულია და საქმის დეტალები სრულად კონფიდენციალურია მესამე პირებისათვის.
არბიტრაჟი მხოლოდ ქონებრივი ხასიათის დავებს განიხილავს და ისიც იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ამის შესახებ წინასწარ და წერილობით შეთანხმდნენ, ხოლო სხვა შემთხვევებში, დავის განხილვაზე ერთადერთ უფლებამოსილ ორგანოს სასამართლო წარმოადგენს. არბიტრაჟის ორ ძირითად უპირატესობას დავის მოკლე ვადაში დასრულება და ნაკლები დანახარჯები წარმოადგენს. გადატვირთული სასამართლო, რომელიც სამი ინსტანციის გავლისა და შესაბამისად, საქმის განხილვის გაჭიანურების შესაძლებლობას იძლევა, ხოლო არბიტრაჟი უმოკლეს დროში აცხადებს გადაწყვეტილებას და მისი გასაჩივრების შესაძლებლობაც შეზღუდულია. სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებისგან განსხვავებით, რომლის გასაჩივრებაც შესაძლებელია სააპელაციო, ხოლო შემდგომში საკასაციო სასამართლოში, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება საბოლოოა, მხარეებისთვის სავალდებულოდ შესასრულებელ დოკუმენტს წარმოადგენს და მისი გასაჩივრება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, რომელიც პირდაპირ და მკაცრად არის განსაზღვრული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. ამ უკანასკნელის გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ კლიენტის ინტერესი საარბიტრაჟო დავის დროს კვალიფიციურმა იურისტმა/ადვოკატმა წარმოადგინოს, რადგან დავის განხილვისას სრულად იქნას დაცული მხარის ინტერესები და სათანადოდ იქნას დასაბუთებული მისი პოზიცია.
არბიტრაჟი, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება, საქართველოში არ არის ისეთი გავრცელებული, როგორც სხვა განვითარებულ ქვეყნებში, რასაც გადატვირთული სასამართლო და არბიტრაჟთა სტატისტიკა ადასტურებს, თუმცა დავების არბიტრაჟის მიერ განხილვა გაათავისუფლებს სასამართლოებს, ხოლო მხარეები უმოკლეს დროში და ნაკლები დანახარჯებით მიიღებენ სასურველ შედეგს. დღეს საქართველოში ძირითადად ბიზნესი მიმართავს არბიტრაჟს დავის განხილვისათვის, რადგან ბიზნესისასთვის მნიშვნელოვანია დაზოგილი ფინანსური რესურსები და დრო, მაგრამ თუ ტენდენციას მივადევნებთ თვალს, ცალსახა გახდება, რომ მოთხოვნა დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებებზე წლიდან წლამდე იმატებს და სულ უფრო პოპულარული ხდება.
ავტორი: ნანა არაყიშვილი