საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლება – რა უნდა ვიცოდეთ?

გამოსახლება

საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლება საქართველოში მწვავე და პრობლემური საკითხია და ის დღემდე არ კარგავს აქტუალურობას. საქართველოს კონსტიტუციით დაცული და  გარანტირებულია საკუთრების უფლება, ხოლო საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების პრობლემური ხასიათი სწორედ აღნიშნულ უფლებაში ჩარევაში გამოიხატება.

საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების საფუძვლები კანონმდებლობით არის განსაზღვრული და მას არეგულირებს „სააღსრულებო წარმოებათა“ შესახებ კანონის 84-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეზე, როდესაც აღსასრულებელი გადაწყვეტილება ითვალისწინებს უძრავი ქონების კრედიტორის მფლობელობაში და სარგებლობაში გადაცემას ან/და უძრავი ქონებიდან პირთა გამოსახლებას (გამოყვანას), აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში კრედიტორისათვის გადაცემას.

გამოსახლება – აღსრულების პროცედურა

რაც შეეხება პროცედურულ საკითხებს, აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ჩააბარებს მოვალეს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც აღინიშნება:

  1. გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა – 10 კალენდარული დღე;
  2. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში – გამოსახლების (გამოყვანის) იძულების წესით განხორციელების შესახებ ინფორმაცია;
  3. სააღსრულებო მოქმედების დღეს მოვალის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში გამოსახლების (გამოყვანის) მის დაუსწრებლად, იძულების წესით განხორციელების შესახებ ინფორმაცია და
  4. იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) თარიღი და დრო.

დასწრება

მნიშვნელოვანია, რომ გამოსახლების პროცესს დაესწროს უშუალოდ კრედიტორიც. აღსრულების ეროვნული ბიურო კრედიტორს აცნობებს გამოსახლების (გამოყვანის) იძულების წესით განხორციელების თარიღსა და დროს. თუ კრედიტორი არ გამოცხადდება მითითებულ დროს სააღსრულებო მოქმედება გადაიდება. განმეორებით გამოუცხადებლობის შემთხვევაში კი, სააღსრულებო წარმოება დასრულდება და კრედიტორს დაუბრუნდება სააღსრულებო ფურცელი.

რაც შეეხება მოვალის დასწრებას, თუ მოვალე ესწრება უძრავი ქონებიდან გამოსახლებას (გამოყვანას) და არ ცლის უძრავ ქონებას, აღმასრულებელი უფლებამოსილია თავად უზრუნველყოს მოვალის ქონების გატანა. ხოლო, თუ  მოვალე არ ესწრება უძრავი ქონებიდან გამოსახლებას (გამოყვანას), აღმასრულებელი უფლებამოსილია უძრავი ქონების მესაკუთრის/მფლობელის თანხმობის გარეშე შეაღწიოს უძრავ ქონებაში.

ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო და აღმასრულებელი პასუხს არ აგებენ უძრავ ქონებაში შეღწევის მიზნით განხორციელებული მოქმედებებით წარმოშობილი ზიანისათვის. რაც შეეხება უძრავ ქონებაში განთავსებულ ნივთებს, ის აღიწერება, ოქმის ასლი გადაეცემა კრედიტორს და კრედიტორივეა პასუხისმგებელი მოვალის ნივთების შენახვაზე ან მოვალისათვის მათ გადაცემაზე.

უძრავი ქონებიდან გამოსახლების (გამოყვანის) შესახებ დგება ოქმი, რომელსაც მასთან ერთად ხელს აწერენ სააღსრულებო წარმოების მხარეები და დამსწრე პირები.

იხილეთ სტატია მსგავს თემაზე: თუ მდგმური არც ქირას იხდის და არც ბინას ცლის, რისი უფლება აქვს მეპატრონეს?