ვრცელდება თუ არა ბავშვის მოვლის გამო შვებულება კაცზე? – რა უფლებამოსილებას ანიჭებს საქართველოს შრომის კოდექსი დასაქმებულებს
საქართველოს შრომის კოდექსი ნებისმიერ დასაქმებულს ანიჭებს უფლებამოსილებას ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით, ხოლო ანაზღაურების გარეშე შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით, ხოლო ქალის ორსულობის შემთხვევაში, გარდა მითითებული შვებულებისა, დასაქმებული უფლებამოსილია ისარგებლოს დამატებითი შვებულებით ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, ასევე, ახალშობილის შვილად აყვანისა და ბავშვის მოვლის გამო.
ყველა დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს მისცეს ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში − 143 კალენდარული დღის ოდენობით, თუმცა შვებულების მიცემა შესაძლებელია მხოლოდ დასაქმებულის მოთხოვნის საფუძველზე. ამასთან, დასაქმებულს უფლება აქვს ასეთი შვებულება გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე თავისი შეხედულების შესაბამისად, ხოლო დამსაქმებელი ვალდებულია დაუკმაყოფილოს ასეთი მოთხოვნა.
გარდა ორსულობისა და მშობიარობისათვის გათვალისწინებული შვებულებისა, დასაქმებული მშობელი უფლებამოსილია მოითხოვოს შვებულება ბავშვის მოვლის გამო 604 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში − 587 კალენდარული დღის ოდენობით, საიდანაც ანაზღაურებად შვებულებას მხოლოდ 57 დღე წარმოადგენს. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, ორსულობისთვის გათვალისწინებული შვებულებისაგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ დედის ექსკლუზიური უფლებაა, ბავშვის მოვლის გამო შვებულების უფლებით შეიძლება ისარგებლოს როგორც დედამ, ასევე მამამ, რაც საქართველოს შრომის კოდექსის ძველი რედაქციით არ იყო გათვალისწინებული, თუმცა კოდექსის ცვლილებამ, რომელიც 2021 წლის მარტის თვეში ამოქმედდა, გამოასწორა აღნიშნული ხარვეზი. მიუხედავად იმისა, რომ ორსულობისთვის გათვალისწინებული შვებულება დედის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს, საქართველოს შრომის კოდექსი ადგენს გამონაკლისსაც, რომლის თანახმადაც, ბავშვის მამას უფლება აქვს ისარგებლოს ასეთი შვებულების მხოლოდ იმ დღეებით, რომლებიც ბავშვის დედას არ გამოუყენებია.
ბავშვის მოვლის გამო შვებულების უფლება ვრცელდება ასევე შვილად აყვანის შემთხვევაშიც და დასაქმებული უფლებამოსილია ისარგებლოს ამ უფლებით, თუ მან იშვილა 1 წლამდე ბავშვი მისი დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით, საიდანაც 90 კალენდარული დღე ანაზღაურებად შვებულებას წარმოადგენს.
დასაქმებულისათვის მნიშვნელოვანია იცოდეს, რომ ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება, ბავშვის მოვლის გამო შვებულება და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ჯამური ოდენობაა არაუმეტეს 1 000 ლარისა. გარდა ამისა, შესაძლებელია, რომ დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება შეთანხმდნენ აღნიშნული შვებულებების დამატებით ანაზღაურებაზეც.
გარდა ყოველივე ზემოაღნიშნულისა, დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია მისცეს მას მთლიანად ან ნაწილ-ნაწილ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში 2 კვირისა, ბავშვის მოვლის გამო დამატებით ანაზღაურების გარეშე შვებულებაც 12 კვირის ოდენობით სანამ ბავშვს შეუსრულდება 5 წელი, რაც იმას ნიშნავს, რომ სანამ ბავშვს 5 წელი შეუსრულდება, გარდა შვებულების საერთო უფლებისა, დასაქმებული უფლებამოსილია დამატებით გამოიყენოს არაანაზღაურებადი შვებულება 5 წლის განმავლობაში ჯამში 70 კალენდარული დღის ოდენობით.
ცალსახაა, რომ კანონმდებელი სპეციალური უფლებების მინიჭების გზით იცავს დასაქმებულის შრომით უფლებებს მისი ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის პერიოდში. გარდა შვებულების დამატებითი და სპეციალური ნორმებისა, ორსული ქალისათვის კანონმდებლის მიერ განსაზღვრულია ხელშემწყობი სხვადასხვა ღონისძიებები, როგორიცაა მაგალითად: მოთხოვნის საფუძველზე, ორსულ ქალს ეძლევა დამატებითი დრო სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებისთვის, თუ ეს გამოკვლევა სამუშაო დროის განმავლობაში უნდა ჩატარდეს, ხოლო გაცდენილი სამუშაო საათები საპატიოდ ჩაეთვლება და შრომის ანაზღაურება შეუნარჩუნდება, თუ წარდგენილ იქნება დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში. ამასთან, დაუშვებელია, რომ აღნიშნული შვებულების პერიოდი გამოქვითულ იქნას შრომის კოდექსით გათვალისწინებული შვებულების ზოგადი უფლებისაგან, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმებული უფლებამოსილია ისარგებლოს როგორც შვებულების ზოგადი უფლებით, ასევე, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლისათვის კანონმდებლის მიერ განსაზღვრული შვებულებითაც.
ავტორი: ნანა არაყიშვილი