თმენის რა ვალდებულებები აქვს სამეზობლოს
ზოგადად, ადამიანების საქმიანობები მრავალფეროვანი ხასიათისაა. სამეზობლო ურთიერთობები და მათგან გამწვეული მავნე ზემოქმედებები უამრავი სახის შეიძლება იყოს. მაგალითად, სოფლის ტერიტორიაზე ხშირია კვამლით, ჭვარტლით გამოწვეული დისკომფორტი, რომლის მიზეზიც ხშირად ზამთარში გათბობის საშუალებად ხის ნაფოტების გამოყენებაა. ასევე შეიძლება ცხოველებმა, ან თუნდაც მუსიკალურ საკრავებზე დაკვრამ გამოიწვიოს მეზობლების დისკომფორტი. ასევე, ისეთი ნაგებობების აშენებამ, რითაც შესაძლოა საცხოვრებელ ფართზე მზის სხივების წვდომა შეფერხდეს, ჰაერის ცირკულაციის დისბალანსი გაჩნდეს და ა.შ.
ასევე, შესაძლოა, სხვის ტერიტორიაზე ზემოქმედება აშკარად ჩანდეს, მაგრამ მოსარგებლის ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობიდან გამომდინარეობდეს, მაგალითად – მესაკუთრე ფლობდეს რესტორანს, საიდანაც ხმაური მოსალოდნელია (და ეს ხმაური ზემოქმედებდეს სხვის ტერიტორიაზე).
სამოქალაქო კოდექსი ცნობს ასეთი მავნე ზემოქმედებით სხვის ტერიტორიაზე გავლენის მოხდენას და ამბობს: ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ტერიტორიიდან თავის ტერიტორიაზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ტერიტორიით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას.
თუ მოსარგებლის საქმიანობები სამოქალაქო კოდექსით დადგენილ ნორმებს სცდება, მესაკუთრეს შეუძლია ფულადი კომპენსაცია მოითხოვოს.
მაგალითად, დადგენილია აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები და საათობრივი შეზღუდვები. ღამის 23:00 სთ-დან დილის 08:00 საათამდე საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება გამოიწვევს პირის (ფიზიკური, იურიდიული) გაფრთხილებას, ერთი წლის განმავლობაში იგივე ქმედების განხორციელება კი – დაჯარიმებას.
თუმცა ეს შეზღუდვები არ ვრცელდება მეტროპოლიტენის მიერ გამოწვეულ ხმაურზე, ასევე რელიგიური წეს-ჩვეულებებიდან გამომდინარე ხმაურზე, ღამის საათებში მიმდინარე სამშენებლო/სარემონტო სამუშაოებზე, სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებულ ღონისძიებებსა და სპორტულ შეჯიბრებებზე, საავიაციო, საზღვაო, საავტომობილო ინფრასტრუქტურაზე, რაზეც თმენის ვალდებულება არსებობს.
მნიშნელოვანია ასევე, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისა – 500 ლარის ოდენობით. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ეს ნორმები არ ვრცელდება ახალი წლის სადღესასწაულო დღეებზე (31 დეკემბრის 21:00 საათიდან 2 იანვრის 23:00 საათამდე და 13 იანვრის 21:00 საათიდან 14 იანვრის 23:00 საათამდე), საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღესა (9 აპრილი) და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე (26 მაისი).
უნდა აღინიშნოს, რომ ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია და მოითხოვს საკითხის შეფასებას – რამდენად მნიშვნელოვანი იყო მეზობლისთვის ხმაურის გამომწვევი აქტივობა და სად გადის ოქროს შუალედი მეზობლის მხრიდან თმენის ვალდებულებისა.
ასეთ დროს სახელმძღვანელო პრინციპს წარმოადგენს პატივისცემა ერთმანეთის საკუთრების უფლებისადმი.
ავტორი: თათია ქოჩიაშვილი