კონსტიტუციური სარჩელი N1711 – საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო №1711 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“)
კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის უმოქმედობის კონსტიტუციასთან შესაბამისობა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში, აქამდე, არ ყოფილა მსჯელობა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკისა და საგარეო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებების ფარგლების თაობაზე.
2022 წლის მარტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად შესთავაზა დავით ბაქრაძისა და კახა იმნაძის კანდიდატურა. ამასთან, საქართველოს მთავრობამ, საქართველოს პრეზიდენტს მიმართა წარდგინებით, კახა იმნაძისთვის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივი წარმომადგენლის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნული წარდგინებების დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა და განმარტა, რომ არსებულ ვითარებაში, მიზანშეწონილად არ მიაჩნდა შესაბამის თანამდებობებზე მითითებული კანდიდატურების დანიშვნა. საქართველოს მთავრობის პოზიციით, საქართველოს პრეზიდენტი წარდგინებების უარყოფითა და უმოქმედობით, რაც გამოიხატა წარდგენილი კანდიდატების არდანიშვნაში, პირდაპირ შეიჭრა საქართველოს მთავრობის ექსკლუზიურ კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში, განახორციელოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა.
მოსარჩელე მხარის განმარტებით საქართველოს კონსტიტუცია ადგენს საპარლამენტო მმართველობის სისტემას. ამ სისტემაში კი აღმასრულებელი ხელისუფლების ერთადერთი უმაღლესი ორგანოა საქართველოს მთავრობა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას“. საქართველოს პრეზიდენტი კი, არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი და სრულად მოკლებულია აღმასრულებელ ძალაუფლებას. ელჩების დანიშვა კი, თავისი შინაარსით, უპირობოდ აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციაა, იმდენად რამდენადც ეს უკანასკნელი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია.
საქართველოს მთავრობის განმარტებით საქართველოს პრეზიდენტს, ელჩის დანიშვნისა და გათავისუფლების, მხოლოდ, სიმბოლური უფლებამოსილება გააჩნია, კონსტიტუციურ სარჩელში განმარტებულია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ხსენებულ უფლებამოსილებას მხოლოდ ფორმალური დატვირთვა აქვს, ხოლო მატერიალური თვალსაზრისით, ეს უფლებამოსილება მხოლოდ საქართველოს მთავრობას ეკუთვნის.
საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს მთავრობის კონსტიტუციური სარჩელი წარმოებაში მიიღო და ამ ეტაპზე დგას ამოცანის წინაშე, რომ გადაწყვიტოს კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლების საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კანდიდატების დანიშვნაზე უარის თქმა და უმოქმედობა, რაც მოითხოვს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებების ფარგლების განმარტებას.
კერძოდ, უნდა დადგინდეს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების დანიშვნის უფლებამოსილება რამდენად ატარებს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს და, ზოგადად, როგორია ამ პროცესში საქართველოს პრეზიდენტის როლი – მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება გულისხმობს მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კანდიდატების დანიშვნაზე აქტის გამოცემას და მის, ერთგვარად, ფორმალურად დადასტურებას, თუ კონსტიტუცია, ამგვარი საფუძვლის არსებობისას, საქართველოს პრეზიდენტისთვის ტოვებს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების არეალს.
ავტორი: ნათია ადუაშვილი