კრიპტო ბიზნესი საქართველოში
საქართველო წლების მანძილზე ინვესტორებისათვის მიმზიდველ ბიზნეს გარემოს ქმნიდა კრიპტო ბიზნესისათვის, როგორც მაინინგის, ასევე, ბირჟების მიმართულებით.
ამასთან, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული საქმიანობა არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და შესაბამისად, კრიპტობიზნესი არ არის მოქცეული საქართველოს ეროვნული ბანკის ან სხვა სახელმწიფო უწყების რეგულირების ქვეშ.
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა საერთოდ არ განმარტავს კრიპტოვალუტას, კრიპტოაქტივს ან ვირტუალურ ვალუტას. განმარტების არარსებობის გამო, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის საჯარო გადაწყვტილების საფუძველზე, საგადასახადო მიზნებისათვის, კრიპტოაქტივს ციფრული აქტივის სტატუსი მიენიჭა, რამაც იმავე გადაწყვეტილების საფუძველზე კრიპტობიზნესს მნიშვნელოვანი საგადასახადო შერავათები შეუქმნა:
- ფიზიკური პირის მიერ კრიპტოაქტივის მიწოდებით მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან;
- კრიპტოაქტივის მიწოდება (კრიპტოაქტივის გაცვლა ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაზე) გათავისუფლებულია დღგ-სგან;
მაშასადამე, უცხოელი ინვესტორებისა და კომპანიებისთვის საქართველო შესანიშნავი ადგილია კრიპტობიზნესისათვის მისი თავისუფალი ბაზრით, ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობით, გამარტივებული ადმინისტრაციული პროცედურებით, ბიუროკრატიის დაბალი დონითა და არაერთი საგადასახადო შეღავათებით.
ავტორი: ნანა არაყიშვილი