რა შემთხვევაში ვერ ხდება მყიდველი მართლზომიერი მესაკუთრე? – მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შეძენა
მოძრავი ნივთები სამოქალაქო კოდექსის მიხედვით არის ყველა ის ნივთი, რომელიც არ არის უძრავი. უძრავი ნივთია მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულითა და მიწაზე აღმოცენებული მცენარეებით, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე, ხოლო სხვა ყველა დანარჩენი წარმოადგენს მოძრავ ქონებას.
საკუთრების უფლება გულისხმობს ნივთზე ისეთ ბატონობას, როდესაც მესაკუთრეს შეუძლია განკარგოს თავისი ნების შესაბამისად ნივთი, გამოიყენოს, გაყიდოს, გაასხვისოს, გააჩუქოს, გააქირაოს და ა.შ.
მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შეძენა შესაძლებელია ნივთის პირდაპირი და არაპირდაპირი გზით მფლობელობაში მიღებით. პირდაპირი მფლობელობის მაგალითია ნივთის შეძენა, როცა საფასურის გადახდის დროს მყიდველს დაუყოვნებლივ გადაეცემა მოძრავი ნივთი, ხოლო არაპირდაპირის მაგალითია რეგისტრირებული გირავნობა, რაც გულისხმობს მოძრავი ნივთის-მაგალითად ტელეფონის ტარების უფლებით დაგირავებას.
განსხვავებით უძრავი ქონებისაგან, მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია სავალდებულო არ არის, თუმცა, თავად მოძრავი ქონების ბუნებიდან გამომდინარე, აღნიშნული წესიდანაც არსებობს გამონაკლისები.
მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შესაძენად, მხარეებს შეუძლიათ ნასყიდობის ხელშეკრულება დადონ როგორც წერილობით, ასევე ზეპირადაც.
ზეპირი შეთანხმების შემთხვევაში მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შემძენი სამართლებრივად ნაკლებად დაცულია, არ არსებობს რაიმე დოკუმენტი, მტკიცებულება, რითაც სასამართლოში თავის კეთილსინდისიერებას დაამტკიცებს შემძენი.
მოძრავი ნივთის ნასყიდობისას წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, თუ მყიდველი თანხას გადაიხდის და გამყიდველი მაგალითად ავტომობილზე საკუთრების უფლებას არ გადასცემს, ხელშეკრულება იქნება სამართლებრივი ძალის მქონე მტკიცებულება, რომ სასამართლოს ძალით მყიდველმა გამყიდველს მოსთხოვოს გადახდილი თანხის სანაცვლოდ საკუთრების უფლება ავტომობილზე. ხელშეკრულებამ ასევე შესაძლებელია დაამტკიცოს თანხის გადახდის ფაქტიც, მოძრავი ნივთის შეთანხმებული მახასიათებლები და სხვა პირობები.
ნებისმიერ შემთხვევაში, პირი, რომელიც ფლობს მოძრავ ნივთს, ითვლება მის მესაკუთრედ. მაშასადამე, გამყიდველი უნდა იყოს ნივთის ნამდვილი მესაკუთრე, რათა მყიდველი გახდეს კეთილსინდისიერი და მართლზომიერი მესაკუთრე. იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველი არ არის ამ ნივთის მართლზომიერი მესაკუთრე, მაგრამ მოძრავი ნივთის შემძენმა ამის შესახებ არაფერი იცის და ვერც ეცოდინებოდა, მყიდველი ხდება კეთილსინდისიერი მესაკუთრე, მაგრამ თუ, მაგალითად, გამყიდველმა მოპარული, ნაპოვნი ან სხვაგვარად უკანონოდ მიღებული ნივთი გაასხვისა, მყიდველი ვერ გახდება მართლზომიერი მესაკუთრე.
ავტორი: თათია ქოჩიაშვილი