მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღება
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 28 მაისს კონსტიტუციური სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს ელგა მაისურაძემ, ირმა გინტურმა და ლერი თოდაძემ. საკონსტიტუციო სასამართლომ 2021 წლის 28 დეკემბერს გამოიტანა გადაწყვეტილება.
სარჩელის დავის საგნად განიხილებოდა სამოქალაქო კოდექსის 11911-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიმართება კონსტიტუციის მე-11 და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ უფლებასთან.
სამოქალაქო კოდექსის 11911 -ე მუხლის მე-2 ნაწილი იძლევა მარტოხელა დედის სტატუსის დეფინიციას და ადგენს წინაპირობებს იმისათვის, რათა დაინტერესებულ მხარეს მიენიჭოს მარტოხელა დედის სტატუსი, შესაბამისად, ისარგებლოს ამ სტატუსისათვის დამახასიათებელი პრეფერენციებით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრისას სადავო ნორმები არ ეყრდნობა აღნიშნულ პირთა რეალურ საჭიროებებს და ფორმალური კრიტერიუმების საფუძველზე ადგენს, მარტოხელა მშობელი იმსახურებს თუ არა შესაბამის სტატუსს. ამ მხრივ, განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა მარტოხელა მამებთან მიმართებით, რადგან ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში თითქმის ყოველთვის მიეთითება დედის შესახებ ჩანაწერი, რაც მარტოხელა მამას სრულად ართმევს მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღების შესაძლებლობას.
გარდა ამისა, რეგულირება პრობლემურია მარტოხელა დედებთან მიმართებითაც, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცებთან შედარებით მათ უფრო მეტად აქვთ სტატუსის მიღების შესაძლებლობა, ამგვარი კრიტერიუმების არსებობა მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის ყველა შემთხვევაში. კერძოდ, ხშირად ერთ-ერთი მშობლის შესახებ ბავშვის დაბადების აქტში ჩანაწერის არსებობა ატარებს ფორმალურ ხასიათს და რეალურად არანაირი კავშირი არ აქვს აწმყოში ბავშისა და მისი მშობლებლის რეალური მდგომარეობის აღწერასთან.
მარტოხელა მშობლობის სტატუსთან დაკავშირებით ერთ-ერთი პრეფერენცია არის საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით დადგენილი დათქმა, რომ მარტოხელა დედის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში 3000 ლარამდე მიღებული დასაბეგრი შემოსავალი არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით. მოსარჩელეთა მითითებით, ერთი მხრივ, დიფერენცირების ნიშანია რეგისტრირებული ქორწინების გარეშე შვილის ყოლა, ხოლო, მეორე მხრივ, ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში მეორე მშობლის მონაცემების არარსებობა.
მოსარჩელე ირმა გინტური არის ფაქტობრივად მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი შვილი რეგისტრირებული ქორწინებიდან. დღეს არსებული მდგომარეობით, ის განქორწინებულია და დამოუკიდებლად ზრდის საკუთარ შვილს, თუმცა ვერ იღებს მარტოხელა დედის სტატუსს სადავო ნორმაში არსებული ორი წინაპირობის გამო – მისი შვილი დაიბადა რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში და ამავე დროს, ბავშის დაბადების აქტის ჩანაწერში შეტანილია ჩანაწერი ბავშვის მამის შესახებ.
მოსარჩელე ელგა მაისურაძე ასევე არის ფაქტობრივად მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი შვილი. ის გაუჩნდა არარეგისტრირებული ქორწინებიდან, მაგრამ შვილის დაბადების აქტის ჩანაწერში შეტანილია მამის ვინაობაც. მოსარჩელე ლერი თოდაძე მარტოხელა მამაა, რომელსაც არარეგისტრირებული ქორწინებიდან შეეძნა ორი შვილი. მოგვიანებით, ის პარტნიორმა მიატოვა და ახლა მარტო ზრდის ორივე შვილს. თუმცა იმის გამო, რომ დაბადების აქტში დედის შესახებ არის ჩანაწერი, ვერ იღებს მარტოხელა მამის სტატუსს.
მოპასუხე მხარემ კონსტიტუციური სარჩელი ცნო და აღნიშნა, რომ სადავო ნორმის პრაქტიკაში გამოყენებამ ცხადი გახადა, რომ მას გარკვეული პრობლემური შინაარსი გააჩნია და ვერ უზრუნველყოფს აღნიშნული სტატუსის მიღების შესაძლებლობას ყველა იმ პირის მიერ, რომლებიც რეალურად ამ სამართლებრივი ურთიერთობის მიზნებისათვის მარტოხელა მშობლებად უნდა ითვლებოდნენ.
სასამართლომ დაადგინა თანასწორობის პრინციპის დარღვევა, ვინაიდან ფორმალური მოცემულობებით არ იცვლებოდა შინაარსი, რომელიც გულისხმობდა ბავშვების ერთპიროვნულად აღზრდას, ხარჯების გაწევას. სასამართლომ განმარტა, რომ მარტოხელა მშობლის სტატუსის საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრა მიმართულია არა მხოლოდ მარტოხელა მშობლების დასახმარებლად, არამედ მათი არასრულწლოვანი შვილების სრულფასოვანი განვითარების უზრუნველყოფასთან.
სასამართლომ ვერ დაადგინა შეზღუდვის კონსტიტუციურობა. განმარტა რა, რომ მოპასუხე მხარის მიერ დადგენილი ლეგიტიმური მიზანი – მარტოხელა მშობელთა სამართლებრივი ბაზის შექმნა, კავშირი არ ჰქონდა ღირებულ ლეგიტიმურ მიზანთან. ასევე, გაუმართლებელი იყო საბიუჯეტო რესურსის ოპტიმალური ხარჯვის ინტერესის ნაწილიც, ვინაიდან არსებითაც თანასწორ პირთა მიმართ დისკრიმინაციის აკრძალვით, კონსტიტუცია გამორიცხავს საბიუჯეტო რესურსის დაზოგვის დიფერენცირების გამართლებისათვის თვითკმარ არგუმენტად მიჩნევას, დიფერენცირების გამართლებისათვის უნდა დასაბუთდეს არა მხოლოდ ის, რომ რესურსი არასაკმარისია ყველასათვის, არამედ ასევე უნდა წარმოჩნდეს, თავად დიფერენცირების რაციონალურობა.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს 2022 წლის პირველი ივლისიდან.
სტატიის ავტორი – ქრისტინე თოლორდავა
ასევე ნახეთ – საპენსიო რეფორმა და მასთან დაკავშირებული რისკები