მედიაცია

მედიაცია, ეს არის მხარეთა თავისუფალ ნებაზე დამყარებული მომრიგებელი პროცესი, რა დროსაც ნეიტრალური მხარე – მედიატორი ხელს უწყობს მხარეთა შორის კომუნიკაციას და ეხმარება მათ მორიგების მიღწევაში. ბერძნულად „medos“ მიუკერძოებელს, ნეიტრალურს ნიშნავს, ხოლო ლათინური ზმნა „mederi“ – გაჯანსაღებასა და გამოსწორებას. მედიაციის მიზანია კონკრეტული კონფლიქტი მოგვარდეს სწრაფად და ეფექტურად ისე რომ ორივე მხარე კმაყოფილი დარჩეს.

დღევანდელი მედიაცია, რომელიც ასეთი გავრცელებულია მსოფლიოში, კარგად დავიწყებული და შემდგომ აღდგენილი ძველი ინსტიტუტია. მისი ძველებური სახე 2600 წლის წინაც გამოიყენებოდა ანტიკურ საბერძნეთში, ჩინეთში, ეგვიპტესა და ინგლისში.

ამერიკული მედიაციის განვითარების მთავარი ისტორიული მნიშვნელობის მქონედ ითვლება ჰარვარდის პროფესორის, Frank E. Sander-ის მოხსენება, რომელიც დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებას შეეხებოდა. ამის საფუძველზე ჩამოყალიბდა უკვე განმტკიცებული სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელსაც მედიაცია ეწოდა. 1976 წელს კი, აშშ-ს მოსამართლეების, ადვოკატებისა და აკადემიური წრეების მონაწილეობით ჩატარდა ფართო მასშტაბიანი კონფერენცია, რომლის მიხედვითაც მოხდა გადატვირთული სასამართლოს გათავისუფლება მედიაციის საშუალებით.

1980-იან წლებში, მედიაციის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოიშვა მოსაზრება, რომ კარგი იურისტი სიამოვნებას უნდა იღებდეს მხარეთა მორიგებით და არა სასამართლოში საქმის მოგებით.

მედიატორმა რომ შეძლოს დავის შინაარსის ნათლად გააზრება, აუცილებლად უნდა იყოს ნეიტრალური და ობიექტური. ის ვალდებულია მოძებნოს ისეთი გამოსავალი, რომელიც ხელს შეუწყობს დავის გადაწყვეტას ისე რომ არც ერთი მხარე არ დარჩეს უკმაყოფილო.

მედიაციის უპირატესობები სასამართლოსთან შედარებით

კონფიდენციალურობა

მედიაციის ერთ-ერთი უპირატესობა არის კონფიდენციალურობა. სასამართლო სხდომების უმრავლესობა საჯაროა, მედიაციის პროცესში კი მხოლოდ მოდავე მხარეები და მათი წარმომადგენლები არიან ჩართულნი. მედიატორი ვალდებულია პროცესის დროს მიღებული ინფორმაცია არ გაამჟღავნოს.

დროისა და ფინანსური რესურსების დაზოგვა

სასამართლოსთან შედარებით, მედიაციის პროცესი სწრაფი და ნაკლებად ხარჯიანია.

შედეგის კონტროლი

სასამართლოსგან განსხვავებით, მედიაციის პროცესში მხარეები თავად იღებენ გადაწყვეტილებებს, რაც ზრდის სასურველი შედეგის მიღების პოტენციალს.

ორივე მხარე გამარჯვებულია

სასამართლოში დავა ყოველთვის ერთი მხარის გამარჯვებით სრულდება, რაც ავტომატურად ნიშნავს მეორეს დამარცხებას, მედიაციის პროცესში კი არ არსებობს დამარცხებული, რადგან მიღებული შედეგი ორივე მხარის შეთანხმების შედეგად არის მიღწეული.

მედიაციის მაგიდაზე განხილული დავების 85% ორივე მხარის კმაყოფილებით სრულდება.