მომხმარებელს შეუძლია შეძენილი ნივთი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დააბრუნოს უკან – რას ნიშნავს ეს სიახლე კანონში
იმ შემთხვევაში, თუ კი ონლაინ შეძენილი საქონელი არ გაამართლებს მომხმარებლის მოლოდინს, მას უფლება ექნება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ორი კვირის ვადაში დააბრუნოს ნივთი უკან, – აღნიშნული კანონი მომხმარებელთა უფლებების და ინტერესების უფრო ეფექტურად დაცვის მიზნით საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე თვის წინ მიიღო. ახალმა კანონმა სახელწოდებით „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“, ქართული კანონმდებლობა კიდევ უფრო დაუახლოვა ევროპულ სტანდარტებს.
ხსენებული სიახლე მომხმარებლის დაცვის გამართლებულ და ქმედით მექანიზმად შეგვიძლია შევაფასოთ, ვინაიდან ეს უკანასკნელი ერთი მხრივ, დადებითად განაწყობს პოტენციურ მომხმარებელს დისტანციური ხელშეკრულებების მიმართ და წაახალისებს მას ჩაებას ამგვარი სახის ვაჭრობაში, ხოლო მეორე მხრივ მისცემს საშუალებას იყოს მეტად თავისუფალი გადაწყვეტილების მიღების დროს და შესაბამისად, თავიდან აიცილოს შეძენილ საქონელთან დაკავშირებული შემდგომი სინანულის გრძნობა.
საგულისხმოა, რომ ახალი კანონის მოწესრიგების სფეროში მოექცა დღესდღეობით საკმაოდ აქტუალური დისტანციური ვაჭრობა, რომლის საკანონმდებლო დონეზე რეგულირება თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებისა და ინტერნეტის არნახული პროგრესის ფონზე კიდევ უფრო საჭირო გახდა.
დღევანდელ რეალობაში დისტანციურად დადებული ხელშეკრულება ურთიერთობის გამარტივებულ საშუალებად ითვლება, განსაკუთრებით კომფორტული კი ის სწორედ რომ მომხმარებლებისთვისაა, თუმცა მსგავსი ტიპის ურთიერთობა გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა მთელ რიგ რისკებთან და საფრთხეებთან იყოს დაკავშირებული.
ერთ-ერთ ასეთ მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორად ხელშეკრულების შინაარსისა და ინფორმაციის ასიმეტრიულობა განიხილება. დღესდღეობით, მეწარმეები ხელშეკრულების პირობებს დამოუკიდებლად განსაზღვრავენ და უკვე მზა სახით სთავაზობენ მომხმარებელს, შესაბამისად, ცხადია, ეს უკანასკნელი მოკლებულია შესაძლებლობას თავად მიიღოს მონაწილეობა შეთანხმების პირობების ფორმირებაში, ამას ემატება საქონლის უშუალოდ დათვალიერების შესაძლებლობის არ არსებობა, რაც კიდევ უფრო არათანაბარ პირობებში აყენებს მომხმრებელს და მას ხელშეკრულების „სუსტ მხარედ“ აქცევს. ამ თვალსაზრისით, დისტანციურ ხელშეკრულებებში მწარმოებლისათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების დაკისრება უმნიშვნელოვანეს საკანონმდებლო სიახლედ და ამავდროულად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ეფექტურ მექანიზმად უნდა ჩაითვალოს.
ავტორი: ნინი მენთეშაშვილი