ნონა გაფრინდაშვილი NETFLIX-ს უჩივის
2020 წელს NETFLIX-მა გადაიღო მინი სერიალი „ლაზიერის გამბიტი“ (The Queen’s Gambit), რომლის ბოლო სერიაში, ნონა გაფრინდაშვილი მოხსენიებულია, როგორც მოჭადრაკე ქალი, რომელიც არასდროს დაპირისპირებია მამაკაც მოჭადრაკეებს. აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს. კერძოდ, 1968 წლისთვის, როცა სერიალის სიუჟეტი ვითარდება, ნონა გაფრინდაშვილს უკვე 59 თამაში ჰქონდა გამართული მამაკაც მოჭადრაკეებთან, აქედან 28-ს ერთდროულად დაუპირისპირდა 1965 წელს.
მოსარჩელეთა აზრით, ნონა გაფრინდაშვილის სახელის არასწორ კონტექსტში გაჟღერება არის პიროვნების შესახებ დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელება (False Light Invasion of Privacy) და ცილისწამება (Defamation Per Se). NETFLIX-ს სწორედ ამ სამართლებრივი საფუძვლით უჩივიან.
იმისათვის რომ სასამართლომ დაადგინოს პიროვნების შესახებ დამაზიანებელი ცნობების გავრცელება და ცილისწამება უნდა გამოიკვეთოს ფაქტი, რომ NETFLIX ფლობდა ნონა გაფრინდაშვილის შესახებ ნამდვილ ინფორმაციას, რაც დასტურდება იმითაც, რომ მინი სერიალი გადაღებულია ვოლტერ ტევისის ნოველაზე დაყრდნობით, სადაც ავტორი სწორედ იმ სცენის აღწერისას, როცა ნონა გაფრინდაშვილის სახელი ჟღერდება, წერს რომ ნონა გაფრინდაშვილი „ყველა იქ მყოფ ჭადრაკის დიდოსტატს შეხვედრია“. აღნიშნული შინაარსი ფილმში შეცვლილია.
ასევე აღსანიშნავია, რომ NETFLIX-მა ფილმის გადაღებისთვის კონსულტანტად დაიქირავა გარი კასპაროვი და ბრიუს პანდოლფინი. ბრიუს პანდოლფინი არა მხოლოდ ფილმის გადაღებისას, არამედ ნოველის დაწერისას იყო ავტორის კონსულტანტი. რაც შეეხება გარი კასპაროვს, ის და ნონა გაფრინდაშვილი დიდი ხანია იცნობენ ერთმანეთს და მისთვისაც, ისევე, როგორც პანდოლფინისთვისაც ცნობილი იყო ნონას მიღწევების შესახებ.
დავას კალიფორნიის სასამართლო განიხილავს.
სტატიის ავტორი – მარიამ სიხარულიძე
ასევე ნახეთ – მედიაცია