რას გულისხმობს თხოვების ხელშეკრულება

   ადამიანები ხშირად გამოხატავენ პატივისცემას და კეთილგანწყობას სხვა ადამიანების მიმართ. ერთ-ერთი ასეთი გამოხატულება არის ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად გამოყენებადი ქმედება, ე.წ. თხოვება, თუმცა, კეთილგანწყობით ხშირად ბოროტად სარგებლობენ და ნათხოვარ ნივთს უკან აღარ აბრუნებენ ან უხეში ზემოქმედების შედეგად ნათხოვარ ნივთს სახე ეცვლება და მას ფუნდამენტური ღირებულება ეკარგება. სწორედ ამგვარი შედეგების თავიდან ასაცილებლად, სამოქალაქო სამართალი განსაზღვრავს და არეგულირებს თხოვებას, რომელიც სამოქალაქო კოდექსის მერვე თავის 615-ე მუხლით არის ცნობილი.

   თხოვების ხელშეკრულებით პირს ქონება გადაეცემა დროებით სარგებლობაში, რა თქმა უნდა, უსასყიდლოდ, თორემ აქ უკვე სხვა გარიგებასთან გვექნებოდა საქმე. ნივთის მიმღები, ანუ ვისაც ათხოვეს ნივთი, თავის მხრივ, ვალდებულია ნივთს პასუხისმგებლობით, ყურადღებით მოეკიდოს და გამოიყენოს იმ მიზნებისთვის და იმგვარად, როგორც ხელშეკრულებაში იქნებოდა გათვალისწინებული. ასეთ პირს არ შეუძლია ეს ნივთი მესაკუთრის თანხმობის გარეშე გადასცეს მესამე პირს.  ამასთან, იგი ვალდებულია, რომ მასზე ხარჯებიც გასწიოს, იმდენად, რამდენადაც საჭირო იქნებოდა ნივთის მოვლისთვის. ხოლო თუ საჭიროებისამებრ მოიხმარს ამ ნივთს, როგორც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული და დროსა და ხმარებასთან ერთად გარდაუვალია მისი ღირებულების შემცირება ცვეთადობის საპირწონედ და გაცვდება ნივთი ბუნებრივად, ამისთვის მონათხოვრის პასუხისმგებლობა არ დადგება.

   ყურადსაღებია ის გარემოება, რომ მიმღები ვალდებულია დაუბრუნოს ნათხოვარი ნივთი მესაკუთრეს იმ ვადის გასვლის შემდეგ, რა ვადაც ხელშეკრულებით იქნება გათვალისწინებული, თუმცა, ხშირია შემთხვევა, როდესაც აღნიშნულთან დაკავშირებით ვადა არ არის განსაზღვრული, ასეთ შემთხვევაში, გამნათხოვრებელმა, ვინც ნივთი ათხოვა, შეუძლია მოითხოვოს ნივთის უკან დაბრუნება თუ გონებრივი ვადა იქნება გასული ამ ნივთის მიზნობრივად მოხმარებისთვის. მეტიც, თუ მიზანიც არ არის განსაზღვრული, ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, ხოლო თავის მხრივ, მიმღებს ნებისმიერ დროს შეუძლია დააბრუნოს ნივთი, მიუხედავად ხელშეკრულებაში გათვალისწინებული დაბრუნების დროისა. ამის მიზეზი შეიძლება იყოს გარკვეული გარემოებების გამო დასახული მიზნის მიღწევის შეუძლებლობა ან შესასრულებელი სამუშაოს დროზე ადრე დასრულება. ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ თუ გამნათხოვრებელს დაუდგა ისეთი მდგომარეობა, რომ გაუთვალისწინებელი გარემოების გამო საჭიროებს ამ ნივთს, მას შეუძლია მოშალოს ეს ხელშეკრულება.

ავტორი: გელა ბერიაშვილი