რას მოიცავს დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება
ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება შევხვდეთ ისეთ შემთხვევებს, როდესაც პირმა, ამ შემთხვევაში შემსრულებელმა, განახორციელა ისეთი ქმედება, რომელიც მესაკუთრის ინტერესებში შედის, ანუ, რეალურად მის სასარგებლოდ იმოქმედა. მაგალითად, სახლი შეაკეთოს, ისე, თითქოს მისი წარმომადგენელი იყოს. ეს ინსტიტუტი წარმომადგენლობისგან განსხვავდება იმით, რომ ასეთ შემთხვევაში დავალების გარეშე სხვის საქმეების შემსრულებელი აღნიშნულს აკეთებს თავისი კეთილი ნების ფარგლებში და სხვა პირის სასარგებლოდ.
მიუხედავად იმისა, რომ შემსრულებელი სხვა პირის სასარგებლოდ მოქმედებს თავისი კეთილი ნების ფარგლებში, ეს მაინც მესაკუთრის უფლებებში ჩარევაა, სწორედ იმიტომ, რომ შემსრულებელს არ აქვს მესაკუთრის მიერ მინიჭებული უფლებამოსილება. სწორედ ამიტომ, კანონი იცავს მესაკუთრეს და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია დავალების გარეშე შესრულებული საქმეები იყოს კეთილსინდისიერი.
დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების ერთ-ერთი შემთხვევაა, როცა შემსრულებელი მოსალოდნელ საფრთხეს თავიდან აარიდებს მეპატრონეს. მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს შემსრულებელი მოქმედებდეს მართლზომიერად. თუ ის განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს და ასეთი ქმედების შედეგად მესაკუთრეს მიადგენა ზიანი, შემსრულებელს დაეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. სწორედ ამიტომ არის კანონში დაკონკრეტებული, რომ შემსრულებელი უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერად.
თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს შემსრულებლის კანონიერი უფლებებიც. ისეთ შემთხვევაში, როცა თავად შემსრულებელს მიადგა ზიანი მეპატრონისთვის მოსალოდნელი საფრთხისგან არიდებისთვის, ასეთ შემთხვევაში მას კანონი ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება უშუალოდ საფრთხის შემქმნელისგან ან თავად მეპატრონისგან.
ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ შემსრულებელმა პირველივე შესაძლობისთანავე აცნობოს მეპატრონეს მის მიერ შესრულებელ საქმეებზე, წარუდგინოს მას ანგარიში. ასეთ შემთხვევაში მას ექნება შესაძლებლობა მოითხოვოს იმ ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც აუცილებლად იქნება მიჩნეული. ასეთი ხარჯების აუცილებლობის მტკიცების ტვირთი კი, სწორედ შემსრულებელზეა.
საგულისხმოა ისიც, რომ თუ მეპატრონის ნებას და ინტერესებს არ შეესაბამება შესრულებული საქმე, შემსრულებელი ვერ მოითხოვს ხარჯების ანაზღაურებას.
საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანია, რომ დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების დროს შემსრულებელი მოქმედებდეს მეპატრონის სასარგებლოდ, მისგან მინიჭებული უფლების ან ვალდებულების გარეშე, საკუთარი კეთილი ნების ფარგლებში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – კეთილსინდისიერად.
ავტორი: თათია ქოჩიაშვილი