რას ნიშნავს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა

საქართელოს კანონმდებლობის მიხედვით ბავშვად მიიჩნევა ფიზიკური პირი 18 წლის ასაკამდე. ბავშვთა ინტერესების დასაცავად კი საქართველოსა თუ მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს ბავშვთა დაცვის კონვენცია. მისი დაცვა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ბავშვები მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნებიან.

ბავშვის უფლებათა კოდექსის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს უპირატესობა მიენიჭოს მის ინტერესებს მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას. ბავშის საუკეთესო ინტერესების დაცვა ევალება განურჩევლად ყველას, ვისაც შემხებლობა აქვს მასთან, მათ შორის და არა მხოლოდ, სახელმწიფო ორგანოებს, ფიზიკურ პირებს, მშობელს, მასწავლებელს, მეზობელს, ნათესავს თუ ნებისმიერ პირს.

ბავშის ინტერესების დაცვა და გათვალისწინება იწყება ოჯახიდან, რადგან ყველაზე დიდი შემხებლობა და კონტაქტი აქვს ოჯახთან.

ბავშვს უფლება აქვს მისი აზრი მოისმინონ და გაითვალისწინონ სათანადოდ, დაიცვან მისი ღირსება. რაც ყველაზე მნიშვენლოვანია, უზრუნველყონ სათანადო განათლების მიღება. გარდა ამისა, თითოეული ადამიანი ვალდებულია დაიცვას ბავშვის საუკეთესო ინტერესი და არ ამყოფონ ის ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობის ქვეშ.

საყურადღებოა ბავშვის ინტერესების დაცვის რეგულირება, როცა საქმე ქონებას ეხება. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ბავშის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების და 1000 ლარზე მეტი ღირებულის მოძრავი ქონების განკარგვის უფლება აქვს მშობელს, კანონიერ წარმომადგენელს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ისინი უნდა მოქმედებდნენ ბავშის საუკეთესო ინტერესების მიხედვით, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე. საერთო საზომი თუ რა მოიაზრება ბავშვისათვის საუკეთესო ინტერესში, არის ის, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ბავშვის ინტერესი იყოს უპირატესი, რადგან სასწორის პინაზე ეს ინტერესი გადაწონის ყველა სხვა სიკეთეს.

როდესაც ვსაუბრობთ ბავშვის საუკეთესო ინტერესზე, აუცილებელია აღვნიშნოთ სასამართლოს როლიც. სასამართლო ვალდებულია მიიღოს ბავშვთან დაკავშირებული ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მის საუკეთესო ინტერესებს გაითვალისწინებს.

ყოველდღიურობიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ტელემაუწყებლების ვალდებულებაც. ტელემაუწყებელი ვალდებულია ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე ბავშვისთვის ზიანის შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავოს.

საერთო ჯამში, ნებისმიერ სამართლებრივ, ეკონომიკურ თუ სოციალურ ურთიერთობაში, სადაც ვინმე პირს ან ორგანოს აქვს ბავშვთან შემხებლობა ყველა გადაწყვეტილება, ქმედება თუ მოქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვით, წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვის უფლებებში ხდება ჩარევა და მისი უფლებების უგულებელყოფა და დარღვევა.

ავტორი: თათია ქოჩიაშვილი