რას ნიშნავს ზეგანაკვეთური სამუშაო და როგორია მისი ანაზღაურების წესი

ჩვენს რეალობაში ხშირია, როდესაც დასაქმებული შესასრულებელი სამუშაოდან გამომდინარე იძულებული ხდება იმუშაოს ზეგანაკვეთურად.

რა არის ზეგანაკვეთური სამუშაო?

ზეგანაკვეთურ შრომად მიიჩნევა მხარეთა მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის გადაჭარბება.

სანამ, უშუალოდ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესს მიმოვიხილავდეთ, უმჯობესი იქნება განვმარტოთ, თუ რას გულისხმობს მხარეთა მიერ განსაზღვრული სამუშაო დრო, ანუ ნორმირებული სამუშაო დრო. ეს არის დროის ისეთი მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული მუშაობს დამსაქმებლის განკარგულების პირობებში და ახორციელებს თავის საქმიანობას ან/და ასრულებს მოვალეობას. უნდა გავითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ დროში არ ითვლება შესვენებისთვის განკუთვნილი დრო.

საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად  ნორმირებული სამუშაო დრო არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სახეზე გვაქვს სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმო, სადაც  ნორმირებული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს.

აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვანის დასაქმების შემთხვევაში, ნორმირებული სამუშაო დრო განსხვავდება ზემოაღნიშნულისგან. ასეთ შემთხვევაში, შრომითი კოდექსი იცავს არასრულწლოვნის ინტერესებს და 16 წლიდან 18 წლამდე არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს და სამუშაო დღის განმავლობაში 6 საათს. ხოლო 14 წლიდან 16 წლამდე არასრულწლოვანის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 24 საათს და სამუშაო დღის განმავლობაში 4 საათს.

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საქართველოს შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს სრუწლოვანი პირისათვის ზეგანაკვეთური სამუშაოების მაქსიმალურად დასაშვებ ხანგრძლივობას, შესაბმისად, შესაძლოა ზეგანაკვეთური სამუშაო აღემატებოდეს ევროსაბჭოს დირექტივებით დადგენილ სამუშაო საათების მაქსიმალურ 48 საათიან ოდენობასაც კი.  რაც შეეხება არასრულწლოვნის მიერ ზეგანაკვეთურ შრომას, ამ შემთხვევაში არასრულწლოვნის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების დროის ხანგრძლივობა სამუშაო დღის განმავლობაში ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს, ხოლო სამუშაო კვირის განმავლობაში ჯამურად − 4 საათს.  

ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება შრომის ანაზღაურების საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. შესაბმისად თუ საათობრივი ანაზღაურება, პირობითად, გახლავთ 5 ლარი, ზეგანაკვეთური სამუშაოს დროს საათობრივი ანაზღაურება უნდა აღემატებოდეს 5 ლარს.  ხოლო, ზეგანაკვეთური სამუშაო უნდა ანაზღაურდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შემდეგ გადასახდელ ყოველთვიურ შრომის ანაზღაურებასთან ერთად. გარდა ამისა, შესაძლებელია, რომ მხარეები  შეთანხმდნენ დასაქმებულისთვის ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ პროპორციული დამატებითი დასვენების დროის მიცემაზე. აღნიშნულ შემთხვევაში, მაგალითად, თუ დასაქმებული იმუშავებს ზეგანაკვეთურად 8 საათს, მან შეიძლება მოითხოვოს 8 საათი დასვენება სამუშაო დროის პერიოდში. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ დასაქმებულს დამატებითი დასვენების დრო უნდა მიეცეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებიდან არაუგვიანეს 4 კვირისა, ან მხარეთა შეთანხებით, შესაძლებელია გათვალისწინებული იყოს ნაკლები დროც.

მნიშნელოვანია ის გარემოება, რომ ზეგანაკვეთურად მუშაობის ვალდებულება დასაქმებულს გამონაკლისი შემთხვევების გარდა, არ აქვს. კანონმდებლობა გამოყოფს მხოლოდ ორ შემთხვევას, როდესაც დასაქმებული ვალდებულია შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო: 1) სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის − ამ შემთხევაში შესაძლებელია დასაქმებულს არ მიეცეს ანაზღაურება ზეგანაკვეთური სამუშაოსათვის გათვალისწინებული გაზრდილი ტარიფით.  2) საწარმოო ავარიის თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის − ზეგანაკვეთური ანაზღაურებით.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული კონკრეტული პირები, რომელიც მათი თანხმობის გარეშე არ შეიძლება დაექვემდებარონ ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმებას. ასეთი პირები არიან  ორსულები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და სხვა.

ავტორი: გიორგი ბიჩინაშვილი