რას ნიშნავს ზეპირი ხელშეკრულება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მხარეებს შესაძლებლობას აძლევს, რომ თვითონ განსაზღვრონ რა ფორმით სურთ გარიგების დადება.
გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობით. როგორც წერილობითი ასევე ზეპირი ხელშეკრულება მხარეთათვის შესასრულებლად სავალდებულოა.
ზეპირი ფორმით გარიგება შეიძლება დაიდოს მაშინ, თუ კანონით არ იქნება გარიგებისთვის რაიმე კონკრეტული ფორმა დადგენილი, ანუ თუ კანონი არ განსაზღვრავს ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადების ვალდებულებას. იმ შემთხვევაში, თუ კანონი პირდაპირ ითვალისწინებს ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადებას, ზეპირად დადებული ხელშეკრულება ბათილია, როგორც ფორმადაუცველი გარიგება.
ხელშეკრულების ზეპირი ფორმა გულისხმობს, რომ შეთანხმება მხარეებს შორის დაიდო სიტყვიერად (ვერბალურად). ზეპირი ფორმით ხდება შეთანხმებაზე შეთავაზების გაკეთება (ოფერტი) და შეთავაზებაზე თანხმობის მიცემაც (აქცეპტი). ზეპირი ფორმითვე არის შესაძლებელი ხელშეკრულების პირობების განსაზღვრა, ასევე, მისი შეცვლაც. ზეპირი ფორმით შეიძლება დაიდოს ჩუქების, ჩუქების დაპირების, გაცვლის, ნასყიდობის, თხოვების, ქირავნობის, სესხის და სხვა სახის ხელშეკრულებები, რომლის წერილობითი დადების ვალდებულებასაც არ ითვალისწინებს კანონი. კანონით სავალდებულოა წერილობით დაიდოს შემდეგი სახის შეთანხმებები: იჯარა, აღნაგობა, უზუფრუქტი, სერვიტუტი, პირგასამტეხლო, უძრავი ქონების ნასყიდობა და სხვა.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ დავის წარმოშობის შემთხვევაში, ზეპირი ხელშეკრულების არსებობის ფაქტისა და ზეპირი ფორმით შეთანხმებული პირობების დადასტურება და მტკიცება სასამართლოში გაცილებით რთულია, ვიდრე წერილობითი ხელშეკრულების შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, PRIME LEGAL გირჩევთ, ხელშეკრულების დადებისას, გააფორმოთ იგი წერილობითი ფორმით.
ავტორი: ბექა ლობჟანიძე