რას ნიშნავს ინდივიდუალური მეწარმე და რა შეღავათებით სარგებლობს ის?
როდესაც ვსაუბრობთ ინდივიდუალურ მეწარმეზე, (იგივე – ინდმეწარმეზე), აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ინდივიდუალური მეწარმე არის მეწარმე სუბიექტი, მაგრამ არ არის იურიდიული პირი. იგი საქმიან ურთიერთობაში თავის უფლებებს ახორციელებს და მოვალეობებს ასრულებს, როგორც ფიზიკური პირი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ინდივიდუალური მეწარმე სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისთვის კრედიტორის წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით, თუ ინდივიდუალურ მეწარმესა და კრედიტორს შორის შეთანხმებით (გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ხელშეკრულების სტანდარტული პირობებისა) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
იმისათვის, რომ ფიზიკურ პირს მიენიჭოს ინდივიდუალური მეწარმის სტატუსი, აუცილებელია მისი რეგისტრაცია მხოლოდ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ინდივიდუალურ მეწარმეს არ შეიძლება ჰყავდეს პარტნიორი. შესაბამისად, ის არის ერთი პირის სამეწარმეო საზოგადოება.
საინტერესოა ის შეღავათები, რითი სარგებლობაც შეუძლია ინდივიდუალურ მეწარმეს. საქართველოს კანონმდებლობამ დაადგინა სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები, კერძოდ, მცირე ბიზნესის სტატუსი. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება მხოლოდ 1%-ით კალენდარული წლის განმავლობაში შემოსავალის 500,000 ლარზე გადაჭარბებემადე. თუ პირის მიერ მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 500,000 ლარს, შემოსავალი დაიბეგრება 3%-ით, 1%-ის ნაცვლად;
თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა ის საქმიანობები, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება მეწარმე ფიზიკური პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება. ასეთი საქმიანობები გახლავთ:
1. სამედიცინო საქმიანობა;
2. არქიტექტურული საქმიანობა;
3. საადვოკატო ან სანოტარო საქმიანობა;
4. აუდიტორული მომსახურება და სხვ.
ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში მისი უფლებამონაცვლეა შესაბამისი ფიზიკური პირი.
ავტორი: გიორგი ბიჩინაშვილი