რას ნიშნავს და როდის წარმოიშობა საავტორო უფლებები

საავტორო უფლებები ასახავს იმ უფლებათა ერთობლიობას, რომლებიც ეკუთვნის მეცნიერების, ლიტერატურის და ხელოვნების ნაწარმოების შემქმნელს (ავტორს) ან მის მემკვიდრეს.

საქართველოში საავტორო უფლებას არეგულირებს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“. კანონის მიზანია დაიცვას საავტორო ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, რომლებიც მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნისა და გამოყენების დროს წარმოიშობა.

საავტორო უფლებების ობიექტი შესაძლოა იყოს მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებები, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა.

აღსანიშნავია, რომ საავტორო უფლება ვრცელდება იმ ნაწარმოებზე, რომელიც არსებობს ობიექტური ფორმით, მიუხედავად იმისა, მოხდა თუ არა მისი გამოცემა ან საჯარო გაცნობა.

იმისათვის, რომ დავადგინოთ თუ როგორ დავიცვათ საავტორო უფლებები, პირველ რიგში, აუცილებელია განვსაზღვროთ, თუ რა უფლებები აქვს ავტორს და ასევე, თუ როდის წარმოიშობა ესა თუ ის საავტორო უფლება.

საავტორო უფლება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე წარმოიშობა მათი შექმნის მომენტიდან. ნაწარმოები კი შექმნილად ითვლება, როდესაც იგი გამოხატულია რაიმე ობიექტური ფორმით, რაც მისი აღქმისა და რეპროდუცირების საშუალებას იძლევა.

ავტორი არაერთი უფლების მქონე სუბიექტია, მათგან კი ყველაზე მნიშნელოვანია, ნაწარმოების ავტორად აღიარების მოთხოვნის უფლება, სახელის ნაცვლად ფსევდონიმის გამოყენება, განსაზღვრა, თუ როდის, სად და რა ფორმით გახდის ცნობილს თავის ნაწარმოებს. გარდა არაქონებრივი უფლებებისა, არ უნდა დაგვავიწყეს, რომ ავტორის უფლებაა ასევე ნაწარმოების რეპროდუცირება, გავრცელება, საჯარო ჩვენებების მოწყობა და სხვაგვარი გამოყენების უფლება.

არ უნდა დაგვავიწყეს, რომ ყველა საავტორო უფლება არ ვრცელდება დროში შეუზღუდავად. საავტორო უფლება მოქმედებს უშუალოდ ავტორის გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს უვადო საავტორო უფლებებიც, როგორსაც წარმოადგენს ნაწარმოებთან დაკავშირებული ავტორობის უფლება, სახელის უფლება, ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლება და რეპუტაციის პატივისცემის უფლება. გარდა ამისა, დაუშვებელია სხვა ავტორის მიერ ნაწარმოების სახელწოდების გამოყენება იმავე ჟანრის ნაწარმოებისათვის, თუ ასეთმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ავტორთა აღრევა, რამაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება და ასევე აკრძალულია ნაწარმოების გამოცემა ან საჯარო გაცნობა ისეთი ფსევდონიმით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ადრე ხელმისაწვდომი ნაწარმოების ავტორთან გაიგივება, რამაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება.

ავტორი: მარიამ კვაჭაძე