რას ნიშნავს ტურისტული მომსახურების ხელშეკრულება?

ტურისტული ხელშეკრულება

 ტურისტული მომსახურების ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოგზაურობის გეგმასთან დაკავშირებით შესაძლებელია გამოიკვეთოს სხვადასხვა ხარვეზი:  ნებისმიერი ფაქტი, გარემოება ან მოვლენა, რამაც შეიძლება შეამციროს მოგზაურობის ფასი და მნიშვნელობა, რა დროსაც მომხმარებელს წარმოექმნება უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ტურისტული მომსახურების მიმწოდებლისგან.

აღნიშნული ხარვეზები შესაძლოა წარმოიშვას მოგზაურობამდე, მის განმავლობაში ან შემდეგ, თუმცა აღნიშნულს არ აქვს გავლენა ტურ-ოპერატორის პასუხისმგებლობის ფარგლებზე.

მნიშვნელოვანია, რომ ამ უფლებით სარგებლობისთვის აუცილებელია ტურისტმა ხარვეზის აღმოჩენის შემდეგ მიმართო მოგზაურობის მომწყობს და განუსაზღვროს მისი გამოსწორებისათვის გონივრული ვადა.

ასეთ შემთხვევაში შეიძლება დადგეს ერთ-ერთი 3 შესაძლო შედეგიდან:

1.   ტურ-ოპერატორი დამოუკიდებლად აღმოფხვრის ხარვეზს;

2.   ხარვეზის აღმოფხვრა გამოიწვევს ზედმეტად დიდ ხარჯებს, რის გამოც მოგზაურობის მომწყობს შეუძლია თქვას უარი ამის განხორციელებაზე. ამ დროს ტურისტს შეუძლია თავად აღმოფხვრას ეს ზიანი და შემდგომში მოითხოვოს ამაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება.

3.   ხოლო, თუკი ტურისტის მიერ განსაზღვრულ ვადაში ტურ-ოპერატორი არ აღმოფხვრის ხარვეზს,  ტურისტს აქვს უფლება შეწყვიტოს ხელშეკრულება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ვადის დადგენა არ არის საჭირო მაშინ, როდესაც ხარვეზის გამოსწორება შეუძლებელია, ტურ-ოპერატორი უარს იტყვის მის აღმოფხვრაზე ან თუ ტურისტს აქვს ამის განსაკუთრებული ინტერესი.

ყველაზე მნიშვნელოვანია, ტურისტმა დროულად შეატყობინოს ტურ-ოპერატორს პრობლემის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაკარგავს მოთხოვნის უფლებას.

მნიშვნელოვანია ბრალეულობის განსაზღვრაც, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობა. იმ შემთხვევაში, თუ მოგზაურობის ხარვეზი გამოწვეულია მოგზაურობის მომწყობის ბრალით, მაშინ ტურისტს აქვს უფლება მოითხოვოს ხარჯების შემცირება ან ხელშეკრულების შეწყვეტა და გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. 

აღსანიშნავია, რომ მოგზაურობის ჩაშლის ან არაჯეროვნად ორგანიზების შემთხვევაში, ტურისტს აქვს უფლება დამატებით მოითხოვოს შვებულების უსარგებლოდ დაკარგვისთვის  ზიანის ანაზღაურებაც, რაც მოიცავს როგორც მატერიალურ, ისე მორალური ზიანის ანაზღაურებას.

ტურ-ოპერატორი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან თავისუფლდება მხოლოდ 2 შემთხვევაში:

1.   დაუძლეველი ძალის არსებობისას, მაგ: ამინდი, დანიშნულების ადგილზე სპონტანურად მოწყობილი მასობრივი არეულობა და ა.შ.;

2.   ტურისტების კვოტის მიუღწევლობისას, რამაც გამოიწვია ხელშეკრულების შეწყვეტა.

ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, მოგზაურობის მომწყობი ვალდებულია ხელშეკრულების პირობების არაჯეროვნად შესრულებით გამოწვეული ზიანი სრულად აუნაზღაუროს ტურისტს.

გაითვალისწინეთ, მოცემული საფუძვლით ტურისტული კოპომანიისთვის ზიანის ანაზღაურებაზე მიმართვა ტურისტს შეუძლია ხელშეკრულებით განსაზღვრული მოგზაურობის ვადის გასვლიდან 1 თვის მანძლზე. მხოლოდ საპატიო მიზეზით დაიშვება ამ ვადის დარღვევა.

ავტორი: ელენე კაკულია