რატომ არის სასურველი მოქალაქემ იურისტს კონსულტაციისთვის ხშირად მიმართოს?
სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობები მრავალფეროვანია და ასეთი ტიპის გარიგებებში ყოველდღიურად ებმებიან ფიზიკური პირები, ნივთის ნასყიდობის, გასხვისების, განათხოვრების, გაქირავნების, იჯარით დატვირთვის დროს თუ ა.შ. მაგალითისთვის, მაღაზიაში სურსათის შეძენისას, მიუხედავად წერილობითი ხელშეკრულების არარსებობისა, ვდებთ ნასყიდობის ხელშეკრულებას ზეპირი ფორმით, რომელიც სრულად ექცევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნასყიდობის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული რეგულაციების ქვეშ.
ასეთი სამართლებრივი ურთიერთობების ფარგლებში შესაძლებელია, რომ ერთ-ერთმა პირმა დაარღვიოს შეთანხმება და თავისი ვალდებულება არ შეასრულოს, ან ერთ-ერთი მხარე არ იყოს ინფორმირებული რაზე თანხმდება და რამდენად სასარგებლოა მისთვის შემოთავაზებული პირობა. აღნიშნულ სიტუაციებში საჭიროა, რომ პირი ფლობდეს სპეციფიკურ ცოდნას ან სპეციალისტთან კონსულტაციით განსაზღვროს სამომავლოდ რა უფრო უკეთესი იქნება მისთვის ან რა საფრთხეები შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ სამართლებრივ ურთიერთობას. ისეთი პროფესიის წარმომადგენელი, როგორიცაა იურისტი ფლობს ამ ცოდნას და შეუძლია დაეხმაროს ფიზიკურ პირს სამომავლო რისკების თუ ბენეფიტების განსაზღვრაში.
მაგალითისათვის, როდესაც ფიზიკური პირი აკითხავს ფინანსურ ინსტიტუტებს, როგორიცაა პირობითად ბანკი და დებს მასთან სესხის ხელშეკრულებას ისე, რომ არც ეცნობა მის შინაარს, მომავალში არაერთ პრობლემას ქმნის მსესხებლისათვის. ასეთი პირები, წინასწარ არ ფლობენ ინფორმაციას, რა ტიპის ვალდებულებები აქვთ ნაკისრი ამ ხელშეკრულებით და გამსესხებლის ბერკეტების ამოქმედების შემდგომ აანალიზებენ, რომ მათთვის ეს პირობები მისაღები არ იყო. იმ შემთხვევაში, თუ სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლამდე ფიზიკური პირები მიმართავენ იურისტებს, შესაძლებელი ხდება სესხის ხელშეკრულება მათთვის უფრო მისაღები პირობებით დაიდოს და ასევე, მიიღებენ სრულ სამართლებრივ კონსულტაციას მოსალოდნელი რისკების შესახებ. ასეთ დროს, მსესხებელი მიიღებს გაანალიზებულ გადაწყვეტილებას შევიდეს თუ არა ამ ურთიერთობაში და იკისროს თუ არა ესა თუ ის ვალდებულებები.
საზოგადოდ ჩამოყალიბებული სტიგმებიდან გამომდინარე იურისტის ხსენებაზე უმალ სასამართლო, პროცესი და დავა ახსენდებათ, თუმცა იურისტის როლი სასამართლოს ფარგლებს გარეთაც უზარმაზარია. იურისტის მთავარი როლი რისკებისა და დავების პრევენციაა, რაც შესაძლებელია მხოლოდ ხელშეკრულების დადების ეტაპზე, რა დროსაც, ხელშეკრულების მომზადება ხდება კლიენტის ინტრესების დაცვით და არა მეორე მხარის მიერ შემოთავაზებული პირობებით, რაც ამცირებს შემდგომში დავის ალბათობას.
იურისტს თავისი სფეციფიკური ცოდნიდან გამომდინარე შეუძლია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეისწავლოს ამა თუ იმ პირის საჭიროებები და დაეხმაროს მას შეარჩიოს, ესა თუ ისი სამართლებრივი ფორმა მეორე მხარესთან გარიგების დადებისას, შეურჩიოს მისთვის ხელსაყრელი პირობები, შეაფასოს გარიგების მეორე მხარის მიერ შემოთავაზებული პირობები, სამომავლოდ წინააღმდეგობაში ხომ არ მოვა ამ პირის სურვილთან და საჭიროებებთან, როგორ მოიქცეს, როცა მისი უფლება ირღვევა ან არაჯეროვნად ასრულებენ მის წინაშე ნაკისრ ვალდებულებას.
Მაშასადამე, იურისტისათვის მიმართვა ჯერ კიდევ პრობლემების წარმოქმნამდეა აუცილებელი, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი მოსალოდნელი რისკები, უზრუნველყოფილი იყოს გარიგების პირობების კლიენტის ინტერესებთან შესაბამისობაში მოყვანა და თავიდან იქნას არიდებული არასასურველი სასამართლო დავა, რომელიც ყოველთვის ხანგრძლივ პერიოდთან და ფინანსურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული.
Გარდა ამისა, იურისტის მომსახურების ანაზღაურება კლიენტის ინტერესების დასაცავად გარიგების დადებამდე გაცილებით დაბალია, ვიდრე სასამართლო წარმომადგენლობისა და დავის წარმართვისას. Ასევე, აღსანიშნავია, რომ თუ ფიზიკური პირის მიერ გარიგება უკვე ხელმოწერილია, სასამართლო დავითაც კი ხშირ შემთხვევაში შეუძლებელი ხდება კლიენტის დარღვეული უფლებების აღდგენა.
ავტორი: თათია ქოჩიაშვილი