რა არის აუცილებელი საქართველოს მოქალაქეობის მიღებისთვის?
საქართველოს მოქალაქეობის მიღებისთვის აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვა.
საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს მოქალაქეობის შესახებ მე-9 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება: ა) დაბადებით; ბ) ნატურალიზაციით.
დაბადებით საქართველოს მოქალაქეობას მოიპოვებენ საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვები იმისგან დამოუკიდებლად, მისი მშობლები არიან თუ არა საქართველოს მოქალაქეები. ამასთან, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვიც მოიპოვებს საქართველოს მოქალაქის სტატუს, თუკი მათი ერთ-ერთი ბიოლოგიური მშობელი მაინც არის საქართველოს მოქალაქე. რაც შეეხება ნატურალიზაციით საქართველოს მოქალაქეობის მიღებას, ეს არის საგამონაკლისო შემთხვევა, რა დროსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს მოქალაქის სტატუსს იღებენ (მაგ: აქტიურად გამოიყენებენ საქართველოს ნებისმიერი სპორტის სახეობის ნაკრების გაძლიერების მიზნით ნატურალიზირებულ სპორტსმენებს).
გარდა ზემოთ აღნიშნული შემთხვევებისა, არსებობს განსხვავებული წესები მოქალაქეობის მისაღებად. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეობას გამარტივებული წესით მოიპოვებენ ის პირები, რომლებიც დაქორწინებულნი არიან საქართველოს მოქალაქეზე და კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობენ საქართველოში მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 5 წლის განმავლობაში. უწყვეტად მცხოვრებად ჩაითვლება, თუ მას წლის განმავლობაში ჯამში 90 დღეზე მეტი ვადით საქართველოს ტერიტორია არ დაუტოვებია. საგულისხმოა, რომ ამ ვადაში არ ითვლება საქართველოს ტერიტორიის 2 წლამდე ვადით სწავლის მიზნით ან/და მკურნალობის მიზნით საქართველოს ტერიტორიის დატოვება.
საქართველოს მოქალაქეობას გამარტივებული წესით მოიპოვებენ ასევე ის პირები, რომელთაც აქვთ რეპატრიანტის სტატუსი. რეპატრიაცია კი წარმოადგენს ადამიანთა ჯგუფის იმ ქვეყანაში დაბრუნებას, სადაც დაიბადნენ, ცხოვრობდნენ და აქვთ მოქალაქეობა. მაგალითად, ემიგრანტების, ლტოლვილებისა ან ტყვედ წაყვანილი პირების დაბრუნება მათ თავდაპირველ საცხოვრებელ ადგილზე.
ზემოაღნიშნული პირობების არ არსებობის შემთხვევაში, პირი ვერ მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას, თუმცა რელევანტურია ითქვას, რომ საქართველოში ცხოვრება და საქმიანობა შეუძლიათ მოქალაქეობის არ მქონე პირებს, რომელთაც აქვთ საქართველოში ბინადრობის უფლება. ასეთ პირებს აქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა უფლება-მოვალეობა, გარდა არჩევნებში მონაწილეობის უფლებისა.
ავტორი: ხვიჩა თევდორაშვილი