რა გზები არსებობს სამკვიდროს მიღებისთვის
სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) არის მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობა, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
სამკვიდროს მიღების ორი ალტერნატიული გზა არსებობს:
სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანა – რომლის დროსაც, გარდაცვალების მოწმობასთან ერთად ნოტარიუსს წარედგინება განცხადებაც სამკვიდროს მიღების შესახებ;
სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა ან/და მართვა – რომლის დროსაც, მამკვიდრებელმა უნდა დაამტკიცოს, რომ ის ფლობდა ან/და განაგებდა სამკვიდრო ქონებას. ასეთის დამტკიცება მემკვიდრეს შეუძლია კომუნალური გადასახადების დამადასტურებელი ქვითრებით, მამკვიდრებლის კუთვნილი დოკუმენტების ფაქტობრივი ფლობით ან სხვა ისეთი მტკიცებულებებით, რაც დაამტკიცებს მის მიერ სამკვიდრო ქონების ფლობას.
მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ კანონითა თუ ანდერძით მემკვიდრეობის დროს, მემკვიდრის უფლებების ჩამონათვალს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, არ უნდა მივიჩნიოთ, რომ სამკვიდრო ქონების მიღებას ნებისმიერ დროს შევძლებთ. სამკვიდრო ქონება მემკვიდრემ უნდა მიიღოს სამკვიდროს გახსნის დღიდან 6 თვის განმავლობაში. სამკვიდრო კი იხსნება მაშინ, როდესაც მამკვიდრებელი გარდაიცვლება ან როდესაც სასამართლო გამოაცხადებს მას გარდაცვლილად.
გასათვალისწინებელია, რომ ეს ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს სასამართლოს მიერ, თუ სასამართლო ვადის გადაცილების მიზეზს საპატიოდ მიიჩნევს. ამ გარემოების დასადგენად კი, უნდა შეფასდეს არა მხოლოდ სამკვიდროს მისაღებად დადგენილ დროში სანოტარო ორგანოსთვის მიმართვის ან სამკვიდრო ქონების დაუფლების შეუძლებლობის ფაქტი, არამედ იმ ვადის საპატიობაც, რომლითაც მემკვიდრემ გადააცილა ამ მოქმედებათა განხორციელების ვადას.
მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ სამკვიდრო შესაძლებელია მემკვიდრემ მიიღოს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით. ქმედუუნარო, შეზღუდულქმედუნარი და მხარდაჭერის მიმღები პირი კი სამკვიდროს იღებს კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით.
ავტორი: ბექა ლობჟანიძე
ასევე იხილეთ: ანდერძი და სამკვიდროს სავალდებულო წილი
ვის რჩება ქონება, ვაჟს თუ ქალს? – მემკვიდრეობის სამართლებრივი რეგულირება