რა ვადის გასვლის შემდეგ შეუძლია მოვალეს უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე?
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, კრედიტორის მოთხოვნა მოვალის მიმართ არ არის შეუზღუდავი, რის უზრუნველსაყოფადაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულია მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობა, რისი ვადის გასვლის შემდეგაც, მოვალეს უფლება აქვს უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირს, რომელსაც აქვს სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლება, მან მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის უნდა მიმართოს მოვალეს ან სასამართლოს გარკვეულ ვადებში, რამეთუ ასეთი უფლება დროში სამუდამოდ არ არსებობს და მოვალის სამართლებრივი მდგომარეობა მუდმივად გაუგებარი არ იყოს.
ხანდაზმულობის ზოგადი წესების მიხედვით, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს 10 წელს. აღსანიშნავია, რომ კანონი ითვალისწინებს განსხვავებულ დანაწესებს მოთხოვნების ხანდაზმულობისათვის, რომელიც შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების დროს – ექვს წელს. მნიშნელოვანია ისიც, რომ ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, ასევე სამი წელია. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.
ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი სამოქალაქო კოდექსის მიხედვით მიიჩნევა დრო, როცა პირმა შეიტყო ან პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური, ეკონომიკური, ოჯახში ძალადობის ან სხვა ფორმის ძალადობის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის უფლების ხანდაზმულობის ვადა ჩერდება არასრულწლოვნის მიერ სრულწლოვანების მიღწევამდე ან არასრულწლოვანების პერიოდში სასამართლოსთვის მიმართვამდე.
ასევე, ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება პირად არაქონებრივ უფლებებზე (მაგ: მორალური ზიანის ანაზრაურების მოთხვნა დროში შეუზღუდავია), ასევე, მეანაბრეთა მოთხოვნაზე ბანკსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში შეტანილი ანაბრების გამო.
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა შეიძლება გარკვეული გარემოებების არსებობის დროს შეჩერდეს. ასეთს ადგილი აქვს, თუ: ა) ვალდებულების შესრულება გადავადებულია აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე კომერციული ბანკის რეზოლუციის რეჟიმში (მორატორიუმი); ბ) სარჩელის წარდგენას აბრკოლებს განსაკუთრებული და მოცემულ პირობებში აუცდენელი დაუძლეველი ძალა; გ) კრედიტორი ან მოვალე იმყოფება საქართველოს თავდაცვის ძალების იმ ნაწილში, რომელიც გადაყვანილია საომარ მდგომარეობაზე; გ1) დაიწყო „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კერძო მედიაცია; დ) კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
გარდა ამისა, ქორწინების განმავლობაში, ანუ მანამ, სანამ ქორწინება არსებობს, მეუღლეთა შორის მოთხოვნებზე ხანდაზმულობის ვადის დენა ჩერდება. იგივე წესი მოქმედებს მშობლებსა და შვილებს შორის მოთხოვნებზე ბავშვების სრულწლოვანების დადგომამდე, აგრეთვე მეურვეებსა (მზრუნველებსა) და სამეურვეო პირებს შორის მოთხოვნებზე მეურვეობის მთელი პერიოდის მანძილზე.
როგორც აღინიშნა, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე, მაგრამ, თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არა აქვს უფლება მოითხოვოს შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო. იგივე წესი გამოიყენება ვალდებული პირის აღიარებისა და უზრუნველყოფის საშუალებათა მიმართაც. თუკი საქმე სასამართლოშია, მოქმედებს შეჯიბრებითობის პრინციპი, რომლის დროსაც მოვალეს შეუძლია მიუთითოს მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, რაც იწვევს სარჩელის არ დაკმაყოფილებას, ხოლო თუ ამგვარ შედავებას არ განახორციელებს მოვალე, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს არ ექნება უფლება მოთხოვნა მიიჩნიოს ხანდაზმულად ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი და სარჩელი დაკმაყოფილდება.
ავტორი: ხვიჩა თევდორაშვილი