რა უფლებები და მოვალეობები გააჩნია დამქირავებელს

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქირავნობის ხელშეკრულებით, გამქირავებელი დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთს განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი კი გამქირავებელს უხდის საამისოდ განსაზღვრული ქირას. მხარეებმა ხელშეკრულება შეიძლება დადონ როგორც წერილობითი,  ისე ზეპირი ფორმით, ამაში ისინი არ არიან შეზღუდულები. ორივე ფორმას აქვს ერთი და იმავე იურიდიული ძალა.

მიუხედავად იმისა, რომ გამქირავებელი წარმოადგენს მესაკუთრეს და მისი უფლებების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, დამქირავებლის უფლებებები და მოვალეობებიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომელიც სამოქალაქო კოდექსში ასევე გათვალისწინებულია.

დამქირავებელი უფლებამოსილია:

1) ვადის დაცვის გარეშე მოშალოს ქირავნობის ხელშეკრულება თუ საცხოვრებელი ან ადამიანთა სამყოფლად გათვალისწინებული სხვა სადგომი ისეთ მდგომარეობაშია, რომ მისი გამოყენება მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს უფლება დამქირავებელს აქვს მაშინაც, თუ ხელშეკრულების დადებისას მან იცოდა საფრთხის თაობაზე, მაგრამ არ განუცხადებია პრეტენზია.

2) უარი თქვას ხელშეკრულებაზე იმ ვადის დაცვის გარეშე, რაც გათვალისწინებულია ხელშეკრულების მოშლისათვის, თუ დაქირავებული ნივთი მთლიანად ან ნაწილობრივ გადაეცემა დამქირავებელს დაგვიანებით, ან, თუ შემდგომში მას წაერთვა სარგებლობის უფლება. უარი ხელშეკრულებაზე დაიშვება მხოლოდ მაშინ, თუ გამქირავებელი დამქირავებლის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ აღკვეთს სარგებლობისათვის ხელშემშლელ გარემოებებს; თუმცა, ვადის განსაზღვრა არ არის საჭირო, თუ იმ გარემოებათა შედეგად, რომლებიც ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველს იძლევიან, დამქირავებელმა დაკარგა ინტერესი ამ ხელშეკრულებისადმი.

3) დაიცვას თავისი მფლობელობა ყოველი დამრღვევისაგან, მათ შორის, მესაკუთრისგანაც.

4) საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულება ვადამდე მოშალოს, თუ იგი ერთი თვით ადრე გააფრთხილებს ამის შესახებ გამქირავებელს და შესთავაზებს მას გადახდისუნარიან და მისაღებ დამქირავებელს, რომელიც თანახმაა ქირავნობის დარჩენილ დროში იყოს დამქირავებელი.

5) დაიტოვოს ის, რითაც მან დაქირავებული ნივთი აღჭურვა. საცხოვრებელი სადგომის გამქირავებელს შეუძლია აღნიშნული უფლების განხორციელება შეცვალოს შესაბამისი კომპენსაციით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დამქირავებელი, პატივსადები საფუძვლიდან გამომდინარე, არ ეთანხმება გამქირავებელს.

6) მოითხოვოს გამქირავებლისგან ზიანის ანაზღაურება ან/და ქირის შემცირება იმ შემთხვევაში, თუ დამქირავებელმა აღმოაჩინა ისეთი ნაკლი, რომელიც ამცირებს ნივთის ვარგისიანობას და თუ გამქირავებელი აგვიანებს ასეთი ნაკლის გამოსწორებას.

რაც შეეხება მოვალეობებს, დამქირავებელი ვალდებულია:  

1) გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა;  

2) ჩაატაროს მიმდინარე რემონტი. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მას არა აქვს საცხოვრებელი სადგომის გადაკეთების ან რეკონსტრუქციის უფლება გამქირავებლის თანხმობის გარეშე. დამქირავებელი მოვალეა ეს სამუშაოები შეასრულოს საკუთარი ხარჯებით. ხოლო, ისეთ შემთხვევაში, როცა დამქირავებლის მიერ გამქირავებლის ნების საწინააღმდეგო მოქმედებით მიადგება ზიანი ქირავნობის საგანს, გამქირავებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ესეთი ზიანის ანაზღაურება.

3) თუ გაქირავებულ ნივთს აღმოაჩნდება ნაკლი, ან წინასწარ გაუთვალისწინებელი საფრთხისაგან ნივთის დასაცავად საჭირო იქნება აუცილებელი ზომების მიღება, დაუყოვნებლივ აცნობოს გამქირავებელს.

4) ნივთის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტისას დაუბრუნოს გამქირავებელს ნივთი იმ მდგომარეობაში, რომელშიც მისგან მიიღო, ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით, ან იმ მდგომარეობაში, რაც ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული.

5) სადგომის ქირავნობისას ითმინოს ქირავნობის ნივთის მიმართ გატარებული ზემოქმედებანი, რომლებიც აუცილებელია გაქირავებული საცხოვრებელი სადგომის შესანახად. თუმცა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამქირავებელმა ამ ღონისძიებების შესახებ, თუ ეს შესაძლებელია, უნდა შეატყობინოს დამქირავებელს და არ დაუშვას ისეთი მოქმედებები, რომლებიც აუცილებლობით არ არის გამოწვეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გარდა, ქირავნობის ხელშეკრულების ფარგლებში გათვალიწინებული უნდა იქნეს შემდეგი გარემოებებიც:

1. თუ დამქირავებელი ქირავნობის ურთიერთობის დამთავრების შემდეგ უკან არ აბრუნებს გაქირავებულ ნივთს, მაშინ გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს დაყოვნების განმავლობაში დადგენილი ქირის გადახდა, როგორც ზიანის ანაზღაურება;

2. თუ დამქირავებელს ხელი ეშლება სარგებლობაში თავისი მიზეზით, იგი ქირის გადახდისაგან არ თავისუფლდება;

3. გაქირავებული ნივთის ცვლილებების ან გაუარესებისათვის, რაც გამოწვეულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობით, დამქირავებელი პასუხს არ აგებს;

4. დამქირავებელს არა აქვს უფლება, გაქირავებული ნივთი გამქირავებლის თანხმობის გარეშე გადასცეს მესამე პირს (ქვექირავნობა). მესამე პირებად არ მიიჩნევიან დამქირავებლის ოჯახის წევრები.

გამქირავებლის უფლება-მოვალეობის შესახებ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი რეგულაციები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:  თუ მდგმური არც ქირას იხდის და არც ბინას ცლის, რისი უფლება აქვს მეპატრონეს?  

ავტორი: ხვიჩა თევდორაშვილი