რა შემთხვევაშია დასაშვები პერსონალური მონაცემების დამუშავება?
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზანია პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა.
თავდაპირველად, მიმოვიხილოთ, თუ რა არის კანონის მიხედვით პერსონალური მონაცემები და კონკრეტულად რას მოიცავს იგი.
პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ფიზიკურ პირს, რომლის იდენტიფიცირებაც ხდება ინფორმაციის დამუშავებით. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით, ხოლო, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემია ის, რომელიც დაკავშირებულია პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან, პროფესიულ კავშირში გაწევრებასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან, ნასამართლეობასთან, ადმინისტრაციულ პატიმრობასთან, პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან, პირთან საპროცესო შეთანხმების დადებასთან, განრიდებასთან, დანაშაულის მსხვერპლად აღიარებასთან ან დაზარალებულად ცნობასთან, აგრეთვე ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები, რომლებიც ზემოაღნიშნული ნიშნებით ფიზიკური პირის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებული მონაცემების დამუშავებისათვის უფრო მაღალ სტანდარტს ითვალისწინებს კანონმდებლობა.
როდესაც ვსაუბრობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე, აუცილებლად უნდა განვიხილოთ ის გარემოებები, თუ როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული და რა პრინციპები უნდა იქნეს დაცული მისი დამუშავებისას. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით:
ა) მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად;
ბ) მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის. დაუშვებელია მონაცემთა შემდგომი დამუშავება სხვა, თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით;
გ) მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად. მონაცემები უნდა იყოს იმ მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევადაც მუშავდება ისინი;
დ) მონაცემები ნამდვილი და ზუსტი უნდა იყოს და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განახლდეს. კანონიერი საფუძვლის გარეშე შეგროვებული და დამუშავების მიზნის შეუსაბამო მონაცემები უნდა დაიბლოკოს, წაიშალოს ან განადგურდეს და
ე) მონაცემები შეიძლება შენახულ იქნეს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების მიზნის მისაღწევად. იმ მიზნის მიღწევის შემდეგ, რომლისთვისაც მუშავდება მონაცემები, ისინი უნდა დაიბლოკოს, წაიშალოს ან განადგურდეს ან შენახული უნდა იქნეს პირის იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მონაცემთა დამუშავება კანონიერია და დასაშვებია, თუ:
ა)არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა;
ბ)მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
გ)მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
დ)მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა სუბიექტის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად;
ე)მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა დამმუშავებლის ან მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი;
ვ)კანონის თანახმად, მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა ისინი ხელმისაწვდომი გახადა;
ზ)მონაცემთა დამუშავება აუცილებელია კანონის შესაბამისად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად;
თ)მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად).
საგამონაკლისო შემთხვევაა, როდესაც პერსონალური მონაცემები პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის შეიძლება დამუშავდეს საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან მოპოვებული მონაცემებით და იგი არ ჩაითვლება უკანონო დამუშავებად.
მონაცემთა შეგროვების მიზნის მიუხედავად, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის შეიძლება დამუშავდეს შემდეგი მონაცემები: სახელი (სახელები), მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი. თუმცა, მონაცემთა სუბიექტის მიერ კანონით დადგენილი წესით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვისაც კი შეიძლება დამუშავდეს ნებისმიერი ზემოაღნიშნული მონაცემი.
აუცილებლად უნდა განიმარტოს ისიც, რომ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე უფლების მიცემა არ გულისხმობს ამ უფლების გამოუხმობადად სარგებლობას. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მონაცემთა დამმუშავებელს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მის შესახებ მონაცემთა გამოყენების შეწყვეტა. ასეთ დროს, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია შეწყვიტოს მონაცემთა დამუშავება ან/და უზრუნველყოს უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა.
გაითვალისწინეთ, რომ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებას ამოწმებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და იმ შემთხვევაში, თუკი დადგინდება პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვებისა თუ დამუშავების ფაქტი, ეს გამოიწვევს სამართალდამრღვევის წინააღმდეგ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღებას.
ავტორი: ხვიჩა თევდორაშვილი