რის მიხედვით განისაზღვრება სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების საკითხი?
სადაზღვევო კომპანიებთან ურთერთობით შესაძლებელია ჯანმრთელობის, სიცოცხლის, სამოქალაქო პასუხისმგებლობის, უძრავი თუ მოძრავი ქონების და ა.შ. დაზღვევა. სადაზღვევო კომპანია და პირი კერძო სამართლებრივ გარიგებას დებენ და თანხმდებიან ორივე მხარისთვის სასარგებლო პირობებზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, დამზღვევი ვალდებულია სადაზღვევო კომპანიას სრული და უტყუარი ინფორმაცია მიაწოდოს.
მაგალითად, მნიშვნელოვანია რომ დამზღვევი ჯანმრთელობის დაზღვევის დროს პირის სამედიცინო ისტორიას გაეცნოს და ფლობდეს მისი ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას; ავტომობილის დაზღვევის შემთხვევაში ფლობდეს ინფორმაციას თუ რა გამართული და გაუმართავი ნაწილები აქვს ავტომობილს და ა.შ. ასეთ შემთხვევაში, ყოველი დეტალი ცვლის ხოლმე სადაზღევო კომპანიის მიერ შემოთავაზებულ პირობებს.
საგულისხმოა, რომ სრული და უტყუარი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება მხოლოდ ხელშეკრულების დასაწყისში არ წარმოეშობათ პირებს, არამედ ეს ვალდებულება გრძელდება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდშიც.
მაგალითად, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა ან ქონების ეკონომიკური ღირებულება შეიცვლება, ასეთი ტიპის ცვლილებების შესახებ სადაზღვევო კომპანიას უნდა მიეწოდოს ინფორმაცია.
თუ რა სახის ინფორმაცია უნდა მიაწოდოს დამზღვეველმა, ამას თავად განსაზღვრავენ ხოლმე სადაზღვევო კომპანიები. საგულისხმოა, რომ სადაზღვევო კომპანიასაც იცავს კანონი და როცა არსებითი მნიშვნელობის ინფორმაციას არ იღებს ან მიღებული ინფორმაცია არასწორია, მას აქვს ხელშეკრულების მოშლის უფლება.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ არსებითი მნიშვნელობის გარემოებაზე არ შევატყობინებთ სადაზღვევო კომპანიას და სადაზღვევო შემთხვევა სწორედ ამ გარემოებასთან კავშირში დადგება, სადაზღვევო კომპანიას უფლება ექნება უარი თქვას ასეთი ზიანის ანაზღაურებაზე. თუმცა, მნიშველოვანია იმის ცოდნაც, რომ თუ სადაზღვევო შემთხვევა არ იქნება დაკავშირებული ასეთ გარემოებასთან და ის სხვა მიზეზით დადგება, ეს ვერ გაათავისუფლებს სადაზღვევო კომპანიას პასუხისმგებლობისგან ამ მიზეზით.
სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების საკითხი განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. სადაზღვევო პოლისით განსაზღვრულია იმ ლიმიტირებული თანხის ოდენობა, რომლის ფარგლებშიც ანაზღაურდება ზიანი. აღნიშნული ლიმიტი ინდივიდუალურია და მას სადაზღვევო კომპანია განსაზღვრავს ყოველი ინდივიდუალური შემთხვევისათვის დაზღვევის საგნის ღირებულებისა და მდგომარეობის შესაბამისად.
საგულისხმოა, რომ თუ პირის ბრალეული ქმედებით არის გამოწვეული სადაზღევო შემთხვევა, რომელიც შესაბამისი ექსპერტის დასკვნით დადასტურდება, მაგალითად ჯანმრთელობის ან ქონების განზრახ დაზიანება, მაშინ სადაზღვევო კომპანია თავისუფლდება ანაზღაურების ვალდებულებისაგან.
ავტორი: თათია ქოჩიაშვილი