საპენსიო დანაზოგის კანონი და მასში შესული ცვლილება

საპენსიო დანაზოგი

„დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონით რეგულირდება საქართველოს მოქალაქეების და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არ მქონე პირების საპენსიო დანაზოგის საკითხი. 

მნიშვნელოვანია, რომ საპენსიო სქემაში გაწევრიანება სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის. გამონაკლისს წარმოადგენენენ მხოლოდ ქალბატონები/მამაკაცები, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტომდე შეუსრულდათ 55/60 წელი.

საპენსიო შენატანების ოდენობის მოცულობა არის შემდეგნაირი:

  • დამსაქმებელი 2%+2%-ის ოდენობით ახორციელებს შენატანს;
  • თვითდასაქმებული თავად აცორციელებს შენატანს 4%-ის ოდენობით (წლიური შემოსავლის)
  • ამასთან, სახელმწიფო ასევე ახორიცელებს შენატანს 2% ოდენობით ან 1%-ის ოდენობით თუკი დასაქმებულის შემოსავალი არის 24 000 ლარზე მეტი. 
  • ხოლო, თუ შემოსავალი აღემატება 60 000 ლარს, სახელმწიფო არ ახორციელებს საპენსიო შენატანს.  

შეგვიძლია განვიხილოთ რამდენიმე ყველაზე აქტუალური საკითხები საპენსიო დანაზოგთან დაკავშირებით. 

შესაძლებელია საპენსიო აქტივების ინვესტირება?

დიახ, საპენსიო აქტივების ინვესტირება შესაძლებელია, ამ დრომდე, დანაზოგის დიდი ნაწილი ბანკების დეპოზიტებზე და სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში იყო განთავსებული. 2023 წლის 7 აგვისტოდან კი ინვესტირების წესი იცვლება. მოქალაქეები თვითონ გადაწყვეტენ 2019 წლიდან დღემდე დაგროვებული თანხა რა რისკის მატარებელ პორტფელებში დააბანდონ. საუბარია მაღალ, საშუალო და დაბალ-რისკიან პორტფელებზე, რომლებიც სქემის მონაწილეებს გარკვეულ სარგებელსაც მოუტანს. ამაზე უფრო ვრცლად, შეგიძლიათ იხილოთ: t.ly/FrJ36

როგორ შეიძლება მივიღოთ ჩვენი საპენსიო დანაზოგი? 

„დაგროვებითი პენსიის შესახებ “საქართველოს კანონის საფუძველზე, პენსიის/საპენსიო აქტივების მიღება შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:

  • მონაწილის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევისას;
  • მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვისას;
  • საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრისთვის გადაცემისას ან
  • საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას.

საპენსიო ასაკში პენსიის გაცემა შესაძლებელია მოხდეს:

  • პროგრამული გატანის გზით, რაც გულისხმობს მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების სიცოცხლის მოსალოდნელ დარჩენილ ხანგრძლივობაზე გაყოფას და ყოველთვიური პენსიის სახით მიღებას;
  • ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივებით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენის გზით, რაც გულისხმობს მონაწილის მიერ კერძო საპენსიო სადაზღვევო პროდუქტის შეძენას და პენსიის მიღებას სიცოცხლის ბოლომდე;
  • მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების გზით. ასეთი მეთოდით, პენსიის გატანა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პირი გაწევრიანდა საპენსიო სქემაში საპენსიო ასაკამდე არაუმეტეს 5 წლით ადრე.

რა ხდება საპენსიო სქემის მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში?  

მონაწილის გარდაცვალების შემთვევაში, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივებს შესაბამისი თანხა, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, გადაეცემა მონაწილის კანონიერ მემკვიდრე(ებ)ს.

საპენსიო სააგენტოსთვის მონაწილის მემკვიდრის სათანადო მომართვის შემთხვევაში, მონაწილის მემკვიდრისთვის საპენსიო აქტივების გადაცემა შეიძლება ერთიანი გადახდით, ან საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანის გზით.

გაითვალისწინეთ, რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საპენსიო სააგენტო არის პასუხისმგებელი დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებაზე, მართვასა და ადმინისტრირებაზე.