Coinbase-ის საქმე – უნდა დააბრუნონ თუ არა უსაფუძვლო მოგება კრიპტოვალუტით მოვაჭრეებმა?
კრიპტოვალუტით ვაჭრობა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მზარდ და პოპულარულ საქმიანობას წარმოადგენს, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისათვის, რაც დღითიდღე კიდევ უფრო საინტერესო ხდება კრიპტოვალუტის საბაზრო ღირებულების ოდენობისა და მისი მუდმივი ცვალებადობის გათვალისწინებით.
კრიპტოვალუტით ვაჭრობა ძირითადად ქართულ ან უცხოურ ონლაინ პლატფორმებსა და შესაბამის ბირჟებზე ხორციელდება, როგორიცაა მაგალითად: Coinmania, Binance, Coinbase, Capital, Kraken და სხვ.
მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, ერთ-ერთი მათგანის – Coinbase-ის მიერ დაშვებულმა ტექნიკურ შეცდომამ ლარის ვალუტაში მოვაჭრეებს მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა. ტექნიკური ხარვეზის შედეგად, კრიპტოვალუტის ასჯერ უფრო მაღალი ღირებულებით გაყიდვა იყო შესაძლებელი გარკვეული დროის განმავლობაში, რადგან ტექნიკური ხარვეზის გამო, ლარის დოლართან მიმართებითი კურსი არასწორად იყო გამოქვეყნებული. კერძოდ, ბირჟაზე 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,88 ლარის ნაცვლად 288 ლარს შეადგენდა, რის ხარჯზეც, ლარში კრიპტომოვაჭრეებმა გაასმაგებული მოგება მიიღეს. დღემდე უცნობია, აღნიშნული შეცდომა თავად Coinbase-ის ტექნიკურ ხარვეზს წარმოადგენდა, თუ კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოდან იყო შეცდომით მიწოდებული. ტექნიკური ხარვეზი რამდენიმე საათის განმავლობაში არ იქნა გამოსწორებული, რითიც არაერთმა თრეიდერმა ისარგებლა და გაასმაგებული შემოსავლის განაღდებაც მოასწრო. ბირჟა იძულებული გახდა ქართულ ეროვნულ ვალუტაში ვაჭრობასა და თანხის განაღდებაზე შეზღუდვები დაეწესებინა, აღნიშნული ინსტრუმენტები გამოიყენეს ქართულმა ბანკებმაც უსაფუძვლო მოგების თავიდან აცილების მიზნით. მიუხედავად ამ შეზღუდვებისა, ზოგიერთმა მოვაჭრემ მაინც მოასწრო თანხების განაღდება, რამაც კრიპტობირჟას მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიაყენა.
როგორც ირკვევა, აღნიშნული პრობლემა დღემდე არ არის სრულად აღმოფხვრილი, ხოლო სამართლებრივი ბალანსი – აღდგენილი, რადგან ცნობილია, რომ Coinbase-ს ჯერ-ჯერობით არ დაუბრუნებია მომხმარებლებზე შეცდომით გაცემული თანხები.
სამართლებრივ ჭრილში, პირი, რომელმაც რაიმე სარგებელი ან შესრულება მიიღო მეორე პირისაგან ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ვალდებულია დაუბრუნოს მას ასეთი სარგებელი ან შესრულება. იქედან გამომდინარე, რომ არსებობს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, მოსალოდნელია, რომ კრიპტობირჟა უახლოეს მომავალში მიმართავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გზებს თანხის დაბრუნების მიზნით.
იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი შემთხვევა პირველი არ არის, დაგროვილმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ კრიპტო ბიზნესი გარკვეულ სამართლებრივ ჩარჩოში უნდა იქნას მოქცეული, რათა მსგავსი შემთხვევებისას კეთილსინდისიერი პირების ინტერესები არ იქნას დარღვეული. განვითარებულ ქვეყნებში, კრიპტობიზნესი სრულ და მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცა, ხოლო რაც შეეხება საქართველოს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული კანონპროექტი კრიპტობიზნესის რეგულირების შესახებ საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო, რომელიც 2023 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.
ავტორი: ნანა არაყიშვილი