საპენსიო რეფორმა და მასთან დაკავშირებული რისკები
საქართველოში 2019 წლის 01 იანვარს ამოქმედდა საპენსიო რეფორმა, რომელიც გულისხმობს 40 წლამდე დასაქმებული პირის ხელფასის 6%-ის საპენსიო შენატანში მიმართვას. ბუნებრივია, აღნიშნული საკითხი სამართლებრივ სფეროში დისკუსიის საგნად გადაიქცა, ვინაიდან ეჭვქვეშ დგება ადამიანის უფლებებთან რეფორმის შესაბამისობა.
საზოგადოების წევრთა დიდი ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ დაგროვებულ პენსიას საერთოდ ვერ გამოიყენებენ, რაც არცთუ უსაფუძვლოა – როდესაც პარლამენტში განიხილებოდა კანონპროექტი, არ შეფასებულა რეგულირების შესაძლო ზეგავლენა, რის გამოც, უმეტესად, დღემდე ბუნდოვანია დაგროვებითი საპენსიო რეფორმის პროცესში მონაწილეობის იმპერატიული ხასიათი, რომელიც არანაირ ალტერნატივას არ ითვალისწინებს.
სადავოა ისიც, რომ საკანონმდებლო ორგანოს მიერ შემოთავაზებული ერთ-ერთი არგუმენტი საერთაშორისო პრაქტიკის თაობაზე, ორაზროვანია. არ ფიქსირდება რომელიმე ქვეყნის მაგალითი, რომელიც მოსახლეობას ცხადად დაანახებდა და ნდობას გაუჩენდა საპენსიო სისტემის მიმართ.
შემდეგი სადავო საკითხი შეეხება საფრთხეს, რომელიც მოიცავს არაფორმალური გარიგებების დადებას. გადასახადის თავიდან ასარიდებლად პირები კანონმდებლობით დადგენილ წესებს არ გაითვალისწინებენ ხელშეკრულების წერილობით ფორმას. ეს ზრდის თვითნებობის რისკსა და შრომით ურთიერთობების სტაბილურობას ეჭვქვეშ აყენებს.
საზოგადოების მხრიდან უკმაყოფილებაზე მიუთითებს 2019 წლის 11 იანვრით დათარიღებული საკონსტიტუციო სარჩელი ედუარდ მარიკაშვილი და ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. მოსარჩელე სადავოდ ხდიდა თანასწორობის პრინციპის ხელყოფას. მისი პოზიციით, „საპენსიო რეფორმის ერთ-ერთი ლეგიტიმური მიზანია დასაქმებულთათვის გამომუშავებული ხელფასის პირდაპირპროპორციული დანაზოგის შექმნის შესაძლებლობის მიცემა. დასახელებული მიზანი არ არის საზოგადოებრივ ინტერესებში…“ მოსარჩელის აზრით, რეგულირება ხელყოფს საკუთრების უფლებას. ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილება გამოტანილი, სარჩელი მხოლოდ არსებითად განსახილველადაა მიღებული. თუკი საკონსტიტუციო სარჩელი დაკმაყოფილდება, საკანონმდებლო ორგანო იძულებული გახდება, გადააფასოს სავალდებულოობის ნაწილი.
უთანხმოებათა დაუსრულებელი პროცესის შესაჩერებლად მნიშვნელოვანია დისკუსიების გამართვა, ხელისუფლების მხრიდან მეტი არგუმენტირებული პოზიცია, თუ რით არის სასარგებლო დაგროვებითი პენსია და რამდენად იქნება უზრუნველყოფილი საპენსიო ასაკში დაგროვებული თანხის სრულყოფილად გამოყენება. ოპტიმალურ გამოსავლად კი მაინც მოსახლეობის ნების პრიმატი რჩება, ვინაიდან გამოკითხვების შედეგად მოსახლეობის ნახევარზე მეტი სწორედ ამ გზას ემხრობა.
სტატიის ავტორი – ქრისტინე თოლორდავა
ასევე ნახეთ – მწვანე პასპორტი