ვის რჩება ქონება, ვაჟს თუ ქალს? – მემკვიდრეობის სამართლებრივი რეგულირება
მემკვიდრეობის საკითხი ძალზედ აქტუალურია. მემკვიდრეობის საგანი შეიძლება გახდეს ის ქონება, რომელიც პატრონის გარდაცვალების შემდეგ ახალ პატრონს გადაეცემა კანონით ან/და მემკვიდრეობით.
უფრო ზუსტად კი, ახალი პატრონი მემკვიდრეობის საგანს იღებს კანონით მემკვიდრეობით ან ანდერძით მემკვიდრეობით, ანდა ორივე საფუძვლით ერთდროულად, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ქონების მეპატრონეს თავის სიცოცხლეში თავისივე ნებით არ შეუდგენია ანდერძი, მისი ქონების განაწილება მოხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს ერთ-ერთ ყველაზე ყურადსაღებ საკითხს წარმოადგენს რიგითობა, თუ ვის ეკუთვნის მამკვიდრებლის ქონება პირველ რიგში. პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე და მშობლები (მშვილებლები). ეს კი ნიშნავს იმას, რომ პირველი რიგის ყველა მემკვიდრეს აქვს ერთმანეთის იდენტური უფლებები მამკვიდრებლის ქონებასთან მიმართებით, ანუ ყველა მემკვიდრეს ეკუთვნის მამკვიდრებლის ქონება თანაბრად.
დღევანდელ რეალობაში, სამწუხაროდ, არც თუ ისე იშვიათად შეხვდებით ისეთ მოსაზრებას, თითქოს მამკვიდრებლის ქონება ეკუთვნის მხოლოდ მის ვაჟიშვილს, თუმცა, როგორც აღინიშნა, ეს არის მხოლოდ საზოგადოებაში წარმოქმნილი აზრი, რომელიც არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ დანაწესებს. შესაბამისად, კანონით, ქალიშვილიც ისეთივე სრულფასოვანი მემკვიდრეა, როგორც – ვაჟი.
რაც შეეხება ანდერძით მემკვიდრეობას, ამ შემთხვევაში კანონით მემკვიდრეობისაგან განსხვავებით, გარდაცვლილ პირს (მამკვიდრებელს) ანდერძის შედგენით წინასწარ აქვს განსაზღვრული, ვის დარჩება და რა რაოდენობით მისი ქონება. ბუნებრივია, პირველი რიგის მემკვიდრეებს შესაძლოა გაუჩნდეთ კითხვა და ინტერესი სამკვიდროსთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კანონი არც ანდერძისმიერი მემკვიდრეობის შემთხვევაში ტოვებს უყურადღებოდ კანონისმიერ მემკვიდრეებს. ასეთ შემთხვევაში, პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეები მიიღებენ სავალდებულო წილს მამკვიდრებლის ქონებიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მიიღებენ იმ ქონების ნახევარს, რომელსაც მიიღებდნენ თუ ანდერძი არ იარსებებდა.
ხოლო, რაც შეეხება კანონითა და ანდერძით მემკვიდრეობას ერთდროულად, აღნიშნულს ისეთ შემთხვევებში აქვს ადგილი, როდესაც ანდერძი დაწერილია სამკვიდროს მხოლოდ ნაწილზე ან/და ანდერძი სასამართლოს მიერ ნაწილობრივ ბათილადაა ცნობილი, სამკვიდროს იმ ნაწილზე, რომელიც ანდერძში არ არის მოხსენიებული ან/და ანდერძი სასამართლოს მიერ ნაწილობრივ ბათილადაა ცნობილი. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება, როგორც ანდერძი, ისე კანონმდებლობით დადგენილი წესები, რითიც მთლიანად რეგულირდება სამკვიდროს საკითხი.
ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა არ არსებობს მამკვიდრებლის გამოხატული ნება ანდერძის სახით და არც პირველი რიგის მემკვიდრეები იჩენენ ინიციატივას, სანოტარო ბიუროში შეიტანონ განცხადება სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, არამედ პირდაპირ აგრძელებენ იმ ქონების განკარგვასა და იმ ქონებით სარგებლობას, რომელსაც ფლობდა მამკვიდრებელი, მაშინ, როცა სამკვიდროს მიღების ვადა გახლავთ 6 თვე სამკვიდროს გახსნის მომენტიდან. ასეთ დროს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად მიიჩნევა, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.
ავტორი: მარიამ კვაჭაძე