ისჯება თუ არა ცილისწამება და როგორ მტკიცდება ბრალი

გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიულ საზოგადეობაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლება გახლავთ. ის  დაცულია საქართველოს კონსტიტუცით და არაერთი საერთაშორისო აქტით, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული უფლება არ არის აბსოლუტური, რაც გულისხმობს იმას, რომ კანონი აწესებს მისი შეზღუდვის შესაძლებლობებს. როდესაც ვსაუბრობთ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე, მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ აზრი და ფაქტი ერთმანეთისგან, რადგან „სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების“ შესახებ კანონით აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. რაც თავის თავში გულისხმობს, რომ პირს შეუძლია ნებისმიერ საკითხთან ან პირთან დაკავშირებით ჰქონდეს თავისი აზრი, თუნდაც ეს იყოს სხვა პირისადმი შეურაცხმყოფელი. მაგრამ, რა თქმა უნდა, აზრის გამოხატვა და მისი გავრცელება არ არის აბსოლუტური უფლება.  ხოლო, რაც შეეხება ფაქტს, კანონი არ გვაძლევს მის დეფინიციას, მაგრამ ზოგადი განმარტების მიხედვით, ფაქტი არის ნამდვილი, ჭეშმარიტი, არა გამოგონილი ამბავი, შემთხვევა თუ მოვლენა. აღსანიშნავია, რომ როდესაც ვსაუბრობთ ცილისწამებაზე, სახეზე გვაქვს არა აზრის, არამედ ფაქტის გავრცელება, შესაბმისად, აზრის გამოხატვა უფრო მეტი პრივილეგიებით სარგებლობს, ვიდრე ფაქტის გავრცელება. აზრის და ფაქტის ურთიერთგამიჯვნისათვის მარტივი მაგალითის მოყვანა შეიძლება. მაგალითად,  სტუდენტებისგან ხშირად მოისმენთ ლექტორზე  მსგავსი სახის შეფასებას, რომ „ეს ლექტორი სისხლისმსმელია’’. რა თქმა უნდა, აღნიშნული შეფასება  არის არა ფაქტის, არამედ აზრის გამოხატვა, რადგან ეს არის კონკრეტული სტუდენტების მიერ ხუმრობით გაჟღერებული აზრი კონკრეტულ ლექტორზე. ხოლო, როდესაც კონკრეტულ პირზე ვამბობთ, რომ „ის ქურდია’’, ეს რა თქმა უნდა, არის ფაქტის გამოხატვა, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ადამიანის ღირსების შელახვა, მისდამი საზოგადოების უნდობლობა და სხვა. რაც თავისთავად შესაძლოა გახდეს ზიანის მოთხოვნის ან/და საჯაროდ ბოდიშის მოხდის საფუძველი.

              საინტერესოა, თუ რა არის ცილისწამების დეფინიცია? „სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების’’ შესახებ კანონის თანახმად, „ცილისწამება არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება’’. შესაბმისად, როდესაც ვსაუბროთ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებაზე, მნიშველოვანია,  სახეზე გვქონდეს  არსებითად მცდარი ინფორმაცია და ეს ინფორმაცია მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს  პირისადმი ქონებრივი ზიანის მიყენებასთან ( საქმიანი რეპუტაციის შელახვასთან). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 993-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „პირი, რომელიც განზრახ ან გაუფრთხილებლად ავრცელებს ან ახმაურებს სხვა პირისათვის ქონებრივი ზიანის მომტან ფაქტებს, ვალდებულია აანაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი, თუ ეს ფაქტები აშკარად არასწორია.“  ნორმის დეფინიციიდან ნათლად დგინდება, რომ გარდა მცდარი ინფორმაციისა, აგრეთვე სახეზე უნდა გვქონდეს განზრახვა ან გაუფრთხილებლობა.  განზრახვის და გაუფრთხილებლობის მტკიცების ტვირთს კანონმდებლობა კერძო და საჯარო პირის  ცილისწამების საკითხის  შემთხევებში განსხავებულად აწესრიგებს. კერძოდ, როდესაც გვყავს სახეზე კერძო პირი, მას ეკისრება მხოლოდ იმის მტკიცების ტვირთი, რომ განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტებს და ამ ფაქტების გავრცელებით მას მიადგა ზიანი. რაც შეეხება ბრალის მტკიცების ტვირთს, ეს ეკისრება მოპასუხეს. საჯარო პირის შემთხევაში მას ეკისრება, როგორც მოპასუხის განცხადებაში ფაქტების მცდარობის და ზიანის დადგომის მტიცების ტვირთი, აგრეთვე, მან უნდა დამტკიცოს, რომ მოპასუხემ მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელების დროს წინასწარ იცოდა ფაქტების მცდარობის შესახებ ან გამოიჩინა აშკარა დაუდევრობა.

              არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადება შესაძლოა გახდეს ასევე მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების საფუძველიც, თუ განცხადება არის სახელის გამტეხი. ცილისწამების დროს შესაძლოა არ დადგეს მატერიალური (ქონებრივი ზიანი), მაგრამ სახეზე გვქონდეს პირის ღირსების, პატივის და საქმიანი რეპუტაციის შელახვა. ამ  შემთხვევაში სახეზე გვაქვს პირის არაქონებრივი უფლებების შელახვა, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული უფლების ხელყოფის შემთხევაში სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის საფუძველზე შესაძლებელია მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. აგრეთვე, მოპასუხეს, შესაძლებელია, დაეკისროს ბოდიშის მოხდა, მაგრამ დაუშვებელია ბოდიშის მოხდის იძულება. რაც შეეხება სასარჩელო ხანდაზმულობას, ცილისწამების შესახებ სარჩელი სასამართლოში წარდგენილი უნდა იქნეს 100 დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პირი გაეცნო ან შეეძლო, რომ გასცნობოდა განცხადებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცილისწამების შემთხვევებში  ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისათვის სახეზე უნდა იყოს:

  • მცდარი ფაქტის გახმაურება, რომელშიც ხდება მოსარჩელეს იდენტიფიცირება;
  • მოსარჩელეს უნდა მიადგეს ქონებრივი ზიანი ან განცხადება უნდა იყოს სახელის გამტეხი;
  • მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს მცდარი ფაქტის განცხადებას და ზიანს შორის;
  • ბრალი (განზრახვა ან უხეში გაუფრთხილებლობა);
  • დაცული უნდა იყოს 100 დღიანი ხანდაზმულობის ვადა.

ავტორი: გიორგი ბიჩინაშვილი