მწვანე პასპორტი

რას ნიშნავს „მწვანე პასპორტი“? – პირს „მწვანე სტატუსი“ აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად –ორჯერ, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის „პისიარ“-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტის” პრინციპით შეძლებენ შესვლას:

კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპაცენტრებში, ფიტნესდარბაზებში, სასტუმროებში, სამთო კურორტების საბაგირო გზებზე.

„მწვანე პასპორტი“ – ივივე „მწვანე საშვი“ სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული სახელწოდებითა და რეგულაციით მოქმედებს. მაგალითად, იტალიაში „მწვანე საშვი“ 6 აგვისტოდან სავალდებულო გახდა ისეთ ადგილებში შესასვლელად, როგორიცაა, კაფე-რესტორნების შიდა სივრცეები, მუზეუმები, თეატრები, კინოთეატრები, სპორტდარბაზები, საცურაო აუზები, სპა-სალონები, გასართობი პარკები, ბაზრობები, ფესტივალები, სპორტული მოედნები და ა.შ. გარდა ამისა, მსგავსი შეზღუდვები მიიღო საფრანგეთმა, ავსტრიამ, გერმანიამ, კვიპროსმა, საბერძნეთმა და სხვა ქვექნებმა. ჩინეთის ზოგიერთ რეგიონში კი ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სკოლებში ვერ ივლიან ის მოსწავლეები, რომელთა ოჯახის ყველა წევრი არ არის აცრილი.

„მწვანე პასპორტების“ გარკვეულ შემთხვევებში სავალდებულო მოთხოვნა, ბადებს სრულიად ლეგიტიმურ კითხვას – ირღვევა თუ არა ადამიანის უფლებები?

თანასწორობის უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით, რომლის მიხედვითაც, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია[1]. „მწვანე პასპორტით“, რომლითაც პირებს ექნებათ უფლება ისარგებლონ სხვადასხვა ობიექტის მომსახურებისგან მაშინ, როდესაც აღნიშნული უფლება არ ექნება არავაქცინირებულ პირს, რომელსც არ აქვს ჩატარებული 72-საათიანი ვალიდურობის „პისიარ“-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი არ აქვს კორონავირუსი, ან აქვს მაგრამ არ შეუძლია ამის დადასტურება, ირღვევა თანასწორობის უფლება. ადამიანის უფლებათა სამართლის მიხედვით, დისკრიმინაცია არის მნიშვნელოვნად/არსებითად თანასწორების მიმართ თვითნებური, გაუმართლებელი არათანასწორი მოპყრობა, ასევე მნიშვნელოვნად/არსებითად არათანასწორების მიმართ გაუმართლებელი, თვითნებური თანასწორი მოპყრობა. [2]ვინაიდან, საქმე ეხება არსებითად თანასწორ პირებს, რომელთა მიმართაც ხორციელდება არათანასწორი მოპყრობა, სახეზეა დისკრიმინაცია.

შეიძლება ითქვას, რომ „მწვანე პასპორტის“ გარკვეულ შემთხვევაში სავალდებულოდ გამოყენების მიზანი და შედეგი არის პირთა ჯგუფის ჩაყენება არახელსაყრელ მდგომარეობაში. ვინაიდან, „მწვანე პასპორტის“ არმქონე პირებს შეეზღუდებათ გარკვეული სერვისების მიღების უფლება და შესაბამისად, დაირღვევა გადაადგილებისა და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებებიც. დიდწილად, არახელსაყრელი მდგომარეობის შექმნა ერთგვარი ზეწოლაცაა, რათა გაიზარდოს ვაქცინირებულთა რაოდენობა. ხელისუფლება არაპირდაპირი გზით ცდილობს აიძულოს მოსახლეობა, რომ აიცრან.

რასაკვირველია, აღნიშნული დიფერენციაცია  მკვეთრად დააცილებს „მწვანე პასპორტის“ არმქონე პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებისაგან. მაგალითად,  ისინი მოკლებული იქნებიან შეასაძლებლობას ისარგებლონ კვების ობიექტების, კაფეების და ბარების, თეატრების, მუზეუმების, ფიტნეს-დარბაზების მომსახურებით.

თუკი იდენტური სტატუსის მქონე პირების მიმართ ნებისმიერ განსხვავებულ მოპყრობას გავამართლებთ, ეს კანონმდებელს მისცემს შეუზღუდავ შესაძლებლობას, მათ მიმართ დაადგინოს რადიკალურად განსხვავებული ინტენსივობით ჩარევის ფორმები, რაც, რასკვირველია, მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანს.

[1] საქართველოს კონსტიტუცია

[2] Handbook on European non-discrimination law (European Union Agency for Fundamental Rights, Council of Europe, 2010), 21.

სტატიის ავტორი – ქეთევან მელიქიძე

წყარო

ასევე ნახეთ – ნონა გაფრინდაშვილი NETFLIX-ს უჩივის