როგორ დავაზღვიოთ სამართლებრივი რისკები უძრავი ქონების შეძენისას

ნასყიდობის ხელშეკრულება სახელშეკრულებო ურთიერთობებში ყველაზე გავრცელებული ხელშეკრულებაა, რომლის თანახმადაც ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. იმისათვის, რომ დავაზღვიოთ უძრავი ქონების შეძენისას სამართლებრივი რისკები, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხები.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ როდესაც გვსურს კონკრეტული უძრავი ქონების შეძენა, გადავამოწმოთ მისი უფლებრივი მდგომარეობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საჯარო რეესტრში უნდა გადავამოწმოთ ვინ არის მისი მესაკუთრე, რეგისტრირებულია თუ არა იპოთეკა და სხვა მოთხოვნები ან ვალდებულებები. აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერებზე მოქმედებს უტყუარობის პრეზუმცია, რაც ნიშნავს იმას, რომ აქ ასახული ინფორმაცია არის სანდო. მაგრამ მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ შესაძლოა საჯარო რეესტრის ამონაწერი იყოს ძველი, ამიტომ როდესაც დავინტერესდებით კონკრეტული უძრავი ნივთის შეძენით, უნდა განვაახლოთ აღნიშნული ამონაწერი.

უძრავი ნივთის შესაძენად მნიშვნელოვანია, რომ გარიგება დაიდოს წერილობითი ფორმით და ეს გარიგება განსაზღვრული საკუთრების უფლების შემძენზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდეს.

პრაქტიკაში ხშირია შემთხევვები, როდესაც უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას ახლავს სხვადასხვა სირთულეები და ვერ ხერხდება ხელშეკრულების დადება. ამ შემთხევაში ამოსავალი წერტილია სამოქალაქო ურთიერთობის სუბიექტებს შორის ბეს ხელშეკრულების დადება.  ბედ მიიჩნევა ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი. ბეს ხელშეკრულება ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილია, წინარე ხელშეკრულებაა, მისი გადაცემით დასტურდება მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადება. მნიშვნელოვანია რომ ბეს ხელშეკრულება  გაფორმებული იყოს ისეთივე ფორმით, როგორითაც ნასყიდობის ხელშეკრულება.  აღსანიშნავია ისიც, რომ ბეს ხელშეკრულება უზრუნველყოფს, როგორც გამყიდველის, აგრეთვე მყიდველის ინტერესების დაცვას.  იმ შემთხევაში, თუ ბეს მიმცემი ბრალეულად დაარღვევს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, ბე რჩება მის მიმღებს (გამყიდველს). ხოლო, თუ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია ბეს მიმღების ბრალეული მოქმედებით, მან (გამყიდველმა) ბე უკან უნდა დააბრუნოს ორმაგად.

ავტორი: გიორგი ბიჩინაშვილი