ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ უფლების ბოროტად გამოყენება, როგორც სისხლისსამართლებრივი დანაშაული

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის თანახმად, საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

აღნიშნული მუხლი წარმოადგენს სამეწარმეო  ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირთა მიერ თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებისას ადამიანის, საზოგადოებისა და სახელმწიფო ინტერესების დაცვის გარანტიას. დაცვის უშუალო ობიექტი სამეწარმეო და სხვა ორგანიზაციის, როგორც ქონებრივი, ისე სხვა მართლზომიერი ინტერესებია, ხოლო დამატებითი ობიექტია მოქალაქეთა, საზოგადოების  ან სახელმწიფო ინტერესები.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი საკუთარ უფლებამოსილებას საწარმოს კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ შეიძლება იყენებდეს, როგორც მოქმედებით ისე უმოქმედობით, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პირი მოქმედებდეს განზრახვით.

აღნიშნული დანაშაული უნდა იქნას ჩადენილი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, ხოლო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ქმედება ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ მიიჩნევა, თუ იგი კეთილსინდისიერად და გონივრულად არ ახორციელებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ორგანიზაციის სახელით დადებულ გარიგებებში მალავს პირად ინტერესებს, სახელს უტეხს ორგანიზაციის საქმიან რეპუტაციას და ა.შ.

იმისათვის, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგეს, ხელმძღვანელის მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებამ მნიშვნელოვანი ზიანი უნდა გამოიწვიოს, ხოლო მნიშვნელოვანი ზიანი შეფასებითი კატეგორიაა, რომელსაც სასამართლო ადგენს ინდივიდუალურად თითოეულ საქმეზე, ამ საქმის კონკრეტულ გარემოებებზე დაყრდნობით.

საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელი პირის მიერ უფლებათა ბოროტად გამოყენება ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

ავტორი: ნათია ადუაშვილი

ასევე ნახეთ – მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღება