იპოთეკა და მისი გამოყენების ფარგლები

იპოთეკა არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, რომელიც კრედიტორს იმის გარანტიას აძლევს, რომ ის დაიკმაყოფილებს თავის მოთხოვნას. კერძო სამართლებრივი გარიგების სუბიექტები ხშირად იყენებენ იპოთეკას, თუმცა ამ სახელს იშვიათად ხმარობენ, რადგან ეს სამართლებრივი მექანიზმი ხშირ შემთხვევაში მოიხსენიება, როგორც გირავნობად. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გირავნობა გამოიყენება მხოლოდ მოძრავ ნივთებზე, იპოთეკა კი უძრავი ქონების შემთხვევაშია სახეზე.

იპოთეკა  არის აქცესორული უფლება, რაც გულისხმობს იმას, რომ აუცილებელია არსებობდეს რაიმე ძირი ხელშეკრულება, რაზეც იქნება დაკავშირებული იპოთეკის ხელშეკრულება.

მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ დღეისათვის ყველაზე გავრცელებული შემთხვევა, როდესაც მხარეები გადაწყვეტენ ხოლმე, რომ სესხის ხელშეკრულება გააფორმონ.  ასეთ დროს, მსესხებელი სესხულობს გამსესხებლისგან, ამ უკანასკნელს კი სურს, ჰქონდეს იმის გარანტია, რომ მისი მოთხოვნა შესრულდება. თუ მსესხებელი თანხას არ დააბრუნებს, მაგრამ მხარეებს შორის არსებობს იპოთეკაზე შეთანხმება, გამსესხებელს შეუძლია იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციით ანუ გაყიდვით მიიღოს ის თანხა, რაც მსესხებელს უნდა დაებრუნებინა.

ძალზედ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ იპოთეკა სამართლებრივი ძალის მქონე მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. მხარეებმა, შეიძლება, მოითხოვონ იპოთეკის მოწმობის გაცემაც. ეს არის სამართლებრივი დოკუმენტი რისი საშუალებითაც კრედიტორი მოვალეს მოსთხოვს იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებას ან იპოთეკის საგნით თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. 

იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას, მხარემ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ იმთავითვე ნათელი უნდა იყოს, თუ სად გადის იპოთეკით დატვირთული ნივთის მესაკუთრის პასუხისმგებლობის ზღვარი. იპოთეკის ფარგლების დადგენა შესაძლებელია მხარეთა შეთანხმებით. ეს გულისხმობს იმას, რომ ხელშეკრულებაში შეიძლება ჩაიწეროს კონკრეტულად ის უძრავი ქონება, რომელიც იტვირთება იპოთეკით, თუმცა, საკმაოდ ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია მოვალის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონებით. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ხელშეკრულების ხელმოწერამდე, მხარე ყურადღებით გაეცნოს არა მხოლოდ მის ზოგად შინაარსს, არამედ კონკრეტულად იპოთეკასთან დაკავშირებულ პუნქტებს. 

ავტორი: თათია ქოჩიაშვილი