როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?

მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფა მოწესრიგებულია სამოქალაქო კოდექსით, კერძოდ, მეხუთე წიგნით, საოჯახო სამართლის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი – სსკ განმარტავს ქორწინებას, რის მიხედვითაც აუცილებელია განსხვავებული სქესის წარმომადგენლების, ქალისა და მამაკაცის თანხმობა ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც რეგისტრირებული უნდა იყოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.

კანონის მიხედვით ქორწინების შეწყვეტის რამდენიმე საფუძველი არსებობს, კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალება ან გარდაცვლილად გამოცხადება, განქორწინება. ეს შეიძლება მოხდეს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში – მხარეთა თანხმობის შემთხვევაში, ხოლო სასამართლოში – მხარეთა დავის შემთხვევაში.

როდესაც სასამართლო განქორწინების საკითხს განიხილავს, შესაძლოა განიხილოს მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფის წესიც.

მეუღლეებს რეგისტრირებულ ქორწინებაში წარმოეშობათ პირადი და ქონებრივი უფლებები.

სწორედ ქონებრივი უფლებებისა და მოვალეობების ნაწილს წარმოადგენს თანასაკუთრება. თანასაკუთრება ლეგალური განმარტებით არის ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება, თუ მეუღლენი  სხვაგვარად არ შეთანხმებულან      საქორწინო   ხელშეკრულებით.

თანასაკუთრებად ჩაითვლება ასევე, ისეთი შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი მეუღლე ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

თანასაკუთრებაში არსებული ქონება უნდა გავმიჯნოთ ინდივიდუალური საკუთრებისგან, რომელიც არის  მეუღლეების ქორწინებამდე  არსებული ქონება, ასევე ქორწინების  განმავლობაში მემკვიდრეობით ან/და ჩუქებით მიღებული ქონება. არსებობს ასევე ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები, რომლებიც შეიძლება საერთო თანხებით იყოს შეძენილი, თუმცა ამ ნივთით მოსარგებლე მეუღლეს ეკუთვნის, მაგალითად შამპუნი,            კბილის ჯაგრისი, გამონაკლისს წარმოადგენს ძვირფასეულობა. გაყოფას ექვემდებარება მხოლოდ თანასაკუთრება.

დროის მიხედვით გაყოფა შესაძლებელია როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.

გაყოფის საკითხი წყდება მხარეთა ურთიერთშეთანხმებით ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში სასამართლოს მიერ.

თანასაკუთრებაში შეძენილი ნივთები თუნდაც მეუღლეთა საერთო ხარჯებით იყოს შეძენილი, შეიძლება განაწილდეს მიზნობრივად იმის მიხედვით თუ რომელ მეუღლეს სჭირდება ის თავისი პროფესიული საქმიანობისთვის.

ეს შეიძლება ეხებოდეს მუსიკალურ ინსტრუმენტებს, საექიმო მოწყობილობას, ბიბლიოთეკას და ასე შემდეგ.

თანასაკუთრების გაყოფისას ასევე შესაძლებელია წილის კომპენსაცია, მაგალითად, თუ ერთ მეუღლეს მიეკუთვნა ისეთი ნივთი, რომლის ღირებულება გაცილებით მეტია, ვიდრე ამ მეუღლისთვის განსაზღვრული წილი, მეორე მეუღლის უფლებრივი მდგომარეობა დაკომპენსირდება ფულადი ერთეულით ან სხვა შესაბამისი ანაზღაურებით.

როცა თანასაკუთრების გაყოფა ქორწინების განმავლობაში ხდება, თუ მხარეების სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, ეს გაყოფა შეეხება ამ პროცესამდე არსებულ ქონებას, მომავალში შეძენილი ქონება თანასაკუთრების ნაწილი იქნება.

როგორც წესი, თანასაკუთრების გაყოფა ხდება 50-50-ზე პროპორციით, თუმცა დასაშვებია სხვაგვარი პროპორციითაც გაყოფა. ამას განაპირობებს ორი რამ, პირველი – ერთ მეუღლეს უდიდდება მისთვის მიკუთვნებული წილი თუ შრომისუუნაროა ან არასრულწლოვანი შვილები მასთან ცხოვრობენ, მეორე შემთხვევაა, როცა ერთი-ერთი მეუღლე ოჯახის საზიანოდ ხარჯავდა საერთო ქონებას.

ზემოთ მოცემული ეხებოდა აქტივებს, თანასაკუთრების გაყოფისას ასევე ნაწილდება პასივებიც – ვალდებულებები.

ვალის გაყოფა ხდება მიკუთვნებული წილის პროპორციულად.

დასასრულს მნიშვნელოვანია ხანდაზმულობის ვადის აღნიშვნა, რისი მიხედვითაც, განქორწინების შემთხვევაში, მეუღლეებს თანასაკუთრების გაყოფაზე მოთხოვნა სამი წლის განმავლობაში შეუძლიათ.

ზემოთ განხილული თანასაკუთრების განაწილების წესი კი შეიძლება სულ სხვაგვარად დადგინდეს თუ მეუღლენი ქორწინების ხელშეკრულებაში სხვაგვარად მორიგდებიან.

ავტორი: თათია ქოჩიაშვილი