საბანკო კრედიტები – რას უნდა მიაქციოს მსესხებელმა ყურადღება?

საზოგადოება უძველესი დროიდან იცნობდა პირებს, რომლებიც სხვისთვის კაპიტალის გადაცემით ფინანსურ სარგებელს ღებულობდნენ. დღეს ეს ფუნქცია ეფექტურად აქვთ გათავისებული ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და საკრედიტო კავშირებს, რომლებიც კრედიტის გაცემის გზით სარგებელს ნახულობენ დასაბრუნებელი თანხის ოდენობაზე პროცენტების დარიცხვის გზით.

ამასთანავე თუ ჩვეულებრივი სესხის გაცემა ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურდიულ პირს შეუძლია, საბანკო კრედიტს გასცემს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტი. ამასთანავე საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ყოველთვის სასყიდლიანია, რაც გულისხმობს იმას, რომ კრედიტის მიმღებს წარმოეშობა ძირითადი თანხის დაბრუნების ვალდებულება ყოველთვიურ ან/და ყოველწლიურად განსაზღვრულ პროცენტებთან ერთად, როგორც საზღაური კაპიტალით დროებითი სარგებლობისათვის.

ასევე აღსანიშნავია, რომ არსებობს საპროცენტო სარგებლის განსაზღვრის ორი ფორმა, ფიქსირებული და ცვალებადი. მსესხებლისათვის უპრიანია მყარი საპროცენტო ოდენობით განსაზღვრული პროცენტი დააბრუნოს ვინაიდანაც დაზღვეულია ერთი მხრივ პროცენტის გაზრდის რისკისაგან, ხოლო მეორე მხრივ აქვს განსაზღვრულობის განცდა და ინფორმირებულია მოსალოდნელი ხარჯების შესახებ, მაშინ როდესაც ცვალებადი საპროცენტო განაკვეთის ცვლილებას ახდენს კრედიტის გამცემი და ცვლილება სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული.

მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო დაწესებულებები მარკეტინგულად ისე წარმოაჩენენ საპროცენტო განაკვეთს, რომ სხვა საკრედიტო დაწესებულებებთან შედარებით მიმზიდველი ოდენობა შესთავაზონ მომხმარებლებს, ხოლო ჯამურად კი მსესხებელს იმავე ან უფრო მეტის ოდენობის პროცენტის დაბრუნება უწევს, ვიდრე სხვა საკრედიტო დაწესებულების შეთავაზებაში იყო აღნიშნული, ამ ყველაფერს ისინი საკომისიო და სხვა გადასახადების გზით აკეთებენ, შესაბამისად, მსესხებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს არა საპროცენტო განაკვეთს, არამედ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს, ვინაიდანაც მასში მოცემულია ჯამურად ყველა ის ხარჯი, რისი გაღების ვალდებულებაც აქვს მსესხებელს კრედიტის აღებით.

რაც შეეხება საბანკო კრედიტის სახეებს, სესხის მიზნობრიობის საფუძველზე, შესაძლოა მათი რამდენიმე კატეგორიად დაყოფა:

ბიზნეს კრედიტი – გაიცემა მეწარმე იურიდულ და ფიზიკურ პირებზე, ასევე ბინათმშენებლობის ამხანაგობაზე, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს. აღნიშნული კრედიტის გაცემისათვის მნიშვნელოვანია საკრედიტო დაწესებულებისათვის განსახორციელებელი ბიზნეს გეგმის წარდგენა და მისი მომგებიანობა.

იპოთეკური კრედიტი – გაიცემა რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე, ხოლო კრედიტის აღების მიზანი უძრავი ქონების შეძენა ან/და რემონტის ჩატარებაა.

სამომხმარებლო კრედიტი – გაიცემა რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე, წინა მდებარე კრედიტებისგან განსხავებით მსესხებელს არ მოეთხოვება კრედიტის მიზნობრიობის წარდგენა და ამავდროულად მის უზრუნველსაყოფად, ხშირ შემთხვევაში, არ გამოიყენება მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო ან/და ვალდებულებით სამართლებრივი საშუალებები, არამედ ყურადღება ექცევა მსესხებლის გადახდისუნარიანობას და მის შემოსავლებს.

ამასთანავე, პრაქტიკაში მიღებულია სხვადასხვა სახის კრედიტები, ავტო კრედიტი, აგრო კრედიტი და სხვა, რომელიც ზემოაღნიშნული კრედიტის ნაირსახეობებს წარმოადგენს.

ავტორი: გიგა კორკოტაშვილი