რა არის სასამართლო უწყება და როდის ითვლება ჩაბარებულად?

რას ნიშნავს სასამართლო უწყება

სასამართლო უწყება წარმოადგენს სასამართლოს შეტყობინებას, რომ პირი დაბარებულია სასამართლო სხდომაზე ან სხვა საპროცესო მოქმედების შესასრულებლად. სასამართლომ შეიძლება დაიბაროს ექსპერტი, მოწმე, სპეციალისტი, თარჯიმანი ან მხარე.

ზემოთ ჩამოთვლილ პირებს სასამართლო შეტყობინება სხვადასხვა გზით შეიძლება გაეგზავნოთ. მაგალითად, ფოსტით, სასამართლო კურიერით ან წინასწარ შეთანხმებული სხვა გზით. ასევე, ტექნიკური საშუალებებითაც, მათ შორის – ტელეფონით, ელექტორნული ფოსტით/ფაქსით ან დეპეშით.

აღნიშნული საშუალებების გზით სასამართლო შეტყობინებას უგზავნის ადრესატს მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, ალტერნატიულ მისამართზე, სამუშაო ადგილის მისამართზე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. შესაძლოა სასამართლო უწყების ანუ სასამართლო გზავნილის ჩაბარება თავად სასამართლოს შენობაშიც.

როცა ადრესატებს სასამართლო უწყება ვერ ჩაბარდებათ პირველ ჯერზე, სასამართლო უზრუნველყოფს ხელმეორედ იმავე მისამართზე ან სხვა მისამართზე შეტყობინების გაგზავნას. ხოლო თუ მეორედ გაგზავნის შემთხვევაშიც არ ჩაბარდებათ, სასამართლომ შესაძლოა მუნიციპალიტეტის ორგანოს ანდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურების  (უბნის ინსპექტორების) მეშვეობით გაუგზავნოს მას შეტყობინება.

სამოქალაქო კოდექსის მიხედვით ზუსტად არის განსაზღვრული როდის, რა შემთხვევაში ითვლება უწყება ჩაბარებულად. კერძოდ:

ა) როცა ადრესატი მოქალაქეა, უწყება უნდა ჩაბარდეს პირადად;

ბ) როცა ადრესატი მოქალაქის სამუშაო ადგილია ან თუ ორგანიზაციას ეგზავნება შეტყობინება, უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას, მსგავს სტრუქტურულ ერთეულს ან პირს, რომელიც უზრუნველყოფს  ადრესატისათვის უწყების გადაცემას;

გ) შესაძლოა სხვა პირმაც ჩაიბაროს სასამართლო უწყება. აუცილებელია ეს პირი იყოს ქმედუნარიანი (მაგალითად, დაუშვებელია არასრულწლოვან ოჯახის წევრს ჩაბარდეს სასამართლო უწყება);

დ) სასამართლო გზავნილი ჩაბარებულად მაშინაც კი ითვლება, როცა ადრესატი უარს ამბობს მის ჩაბარებაზე (თუმცა, აქ  მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის გარემოება, რომ უწყება მეორედ უნდა ეგზავნებოდეს ადრესატს ან აღნიშნული მისამართი უნდა იყოს მოპასუხის მიერვე შესაგებელში მითითებული მისამართი). შესაბამისად, თუ ადრესატს მეორედ ეგზავნება უწყება და ის უარს აცხადებს ჩაბარებაზე, უწყება ითვლება ჩაბარებულად;

ე) როცა სახეზეა სასამართლო თანამონაწილეობა, უწყება შეიძლება ჩაბარდეს  მხოლოდ ერთ თანამონაწილეს, რომელსაც მინდობილი აქვს საქმის წარმოება;

ვ) სასამართლო უწყება ჩაბარებულად ითვლება, როცა ის საჯარო შეტყობინების გზით არის გამოქვეყნებული, ამ მეთოდს კი სასამართლო მიმართავს თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება.

საზოგადებაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ უწყების ჩაუბარებლობის შემთხვევაში, არანაირი ვალდებულება ან პასუხისმგებლობა არ წარმოეშვებათ. აღნიშნული, რა თქმა უნდა, მცდარია, რადგან შესაძლებლია ზემოთ განხილული შემთხვევების არსებობისას,  მიუხედავად ადრესატის მიერ უწყების ჩაუბარებლობისა, უწყება მაინც ჩაითვალოს ჩაბარებულად. მაგალითად, საჯარო შეტყობინების გავრცელების გზით. უწყების ჩაუბარებლობით არსებობს მაღალი რისკი, რომ  პირმა ვერ უზრუნველყოს თავისი უფლებების დასაცავად შესაბამისი ღონისძიების გატარება. შესაბმისად, მნიშვნელოვანია, რომ ადრესატმა ჩაიბაროს უწყება, რადგან ის იყოს ინფორმირებული მისი ვალდებულებებისა და უფლებების შესახებ.

ავტორი: თათია ქოჩიაშვილი