რას ნიშნავს ნარდობის ხელშეკრულება

ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს საზღაურის სანაცვლოდ გარკვეული სამუშაოს შესრულებას, ხოლო შემკვეთი უხდის მენარდეს მოცემულ საზღაურს. მენარდემ შეთანხმებული სამუშაო უნდა შეასრულოს პირადად (მაგალითად შემკვეთმა ცნობილ მოქანდაკეს შეუკვეთა ქანდაკების დამზადება), თუმცა მენარდეს შეუძლია სხვას მიანდოს გარკვეული სამუშაოს შესრულება, რაზეც იდება ქვენარდობის ხელშეკრულება.

ნარდობის ხელშეკრულებისათვის ანაზღაურება უსიტყვოდ ითვლება შეთანხმებულად, თუ გარემოებების მიხედვით ნარდობა მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი. იმ შემთხვევაში თუ მხარეები არ შეთანხმდებიან ანაზღაურების ოდენობაზე, მაშინ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება წინასწარი დადგენილი ტარიფების მიხედვით, ხოლო თუ ტარიფები არ არის დადგენილი მაშინ დამკვეთი მენარდეს უხდის ჩვეულებრივ ანაზღაურებას (იმ ოდენობით რაც დამკვიდრებულია მოცემულ ადგილას მოცემული სამუშაოს შესრულებისთვის).

თუ შემკვეთი არ იხდის შეთანხმებულ საზღაურს ან სხვა დამატებით ხარჯებს, მაშინ მენარდეს თავისი უფლების უზრუნველსაყოფად შეუძლია გამოიყენოს გირავნობა მის მიერ დამზადებულ/შეკეთებულ ნივთზე, თუ ეს ნივთი ჯერ კიდევ მენარდის ხელშია. ხოლო თუ ხელშეკრულების საგანია ნაგებობა ან ამ ნაგებობის ცალკეული ნაწილები, მაშინ მენარდეს შეუძლია ხელშეკრულებიდან გამომდინარე თავისი მოთხოვნებისათვის მოითხოვოს იპოთეკა სამშენებლო მიწის ნაკვეთზე.

მენარდე ვალდებულია შემკვეთს წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაგებობა, ხოლო შემკვეთმა მენარდეს უნდა გადაუხადოს სამუშაოს შესრულებისათვის შეთანხმებული საზღაური. საზღაური მენარდემ უნდა გადაიხადოს სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუმცა შეიძლება ნარდობის ხელშეკრულებით საზღაურის ნაწილ-ნაწილ გადახდაც იყოს გათვალისწინებული.

იმ შემთხვევაში თუ მენარდე შემკვეთს წარუდგენს ნაკლის მქონე ნივთს, შემკვეთს შეუძლია ჯერ მოითხოვოს მოცემული ნაკლის გამოსწორება და ამ მიზნით მენარდეს გარკვეული ვადა განუსაზღვროს. ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი შეწყვიტოს ნარდობის ხელშეკრულება. მოცემულ შემთხვევაში კი მენარდეს წარმოშობა ვალდებულება შემკვეთს გადაუხადოს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები. ასევე შესაძლებელია, რომ შემკვეთმა არ განაცხადოს უარი ხელშეკრულებაზე ნივთის ნაკლის გამო, ასეთ შემთხვევაში მას შეუძლია შეამციროს საზღაური იმ თანხით, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ასევე ითვალისწინებს ხელშეკრულების მოშლას, როგორც შემკვეთის ასევე მენარდის მოთხოვნით. შემკვეთს შეუძლია სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, თუმცა იგი ვალდებულია მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო და  ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ხოლო მენარდეს შეუძლია ხელშეკრულების შეწყვეტა მხოლოდ ისე, რომ შემკვეთმა შეძლოს მომსახურების სხვაგვარად მიღება, მაგალითად შესაძლებელია სხვა მენარდის პოვნა. ასევე შესაძლებელია მენარდის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა, თუ არსებობს რაიმე მნიშვნელოვანი საფუძველი, მოცემულ შემთხვევაში კი მენარდე თავისუფლდება ზიანის ანაზღაურების მოვალეობისგან.

რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადას, შემკვეთს შეუძლია შესრულების ნაკლის გამო მოთხოვნა წარადგინოს ერთი წლის მანძილზე, ხოლო მოთხოვნა რომელიც ნაგებობას შეეხება- ხუთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს მიღების დღიდან.

ავტორი: ბექა ლობჟანიძე