რა არის სპს? (სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება)

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს) არის სამეწარმეო საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა, რომელიც სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში გამოდის იურიდიული პირის სახით.

სამეწარმეო კანონმდებლობის მიხედვით, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებას უნდა ჰყავდეს სულ მცირე ორი პარტნიორი, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი.

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება გამოირჩევა თავისებური სპეციფიკურობით, კერძოდ, სპს-ის პარტნიორები ერთობლივად, ერთიანი საფირმო სახელწოდებით ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას და ამ საზოგადოების ვალდებულებებისთვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ უშუალოდ და შეუზღუდავად, როგორც სოლიდარული მოვალეები. ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების კაპიტალი თუ არ ფარავს კრედიტორის წინაშე ვალდებულებას სრულად, მისი შესრულების ვალდებულება დაეკისრებათ პარტნიორებს საკუთარი პირადი ქონებიდან.

თუკი, მევალე საკუთარ მოთხოვნას დაიკმაყოფილებს სპს-ის ერთ-ერთი პარტნიორის პირადი ქონებიდან სრულად, ასეთ დროს ზემოთ აღნიშნულ პარტნიორს აქვს უფლება სხვა პარტნიორებისაგან ამოიღოს რეგრესის წესით  გახარჯული ფინანსები.

აღნიშნული მიდგომა კანონმდებელმა გაითვალისწინა სწორედ იმიტომ, რომ საზოგადოების ვალდებულების შესრულების მთელი ტვირთი არ დააწვეს ერთ ცალკეულ პარტნიორს და იგი გადანაწილდეს თანაბრად პარტნიორებს შორის, სწორედ ამიტომ არსებობს კანონმდებლობაში იმგვარი ჩანაწერი, რომ სპს-ის სულ მცირე ორი პარტნიორი ჰყავდეს.

ავტორი: ხვიჩა თევდორაშვილი