რას ნიშნავს სერვიტუტი და როგორია მისი გამოყენების წესები?

უძრავი ქონების სამართლებრივად დატვირთვის არაერთი საშუალება არსებობს, აქედან ერთ-ერთია სერვიტუტი.  სერვიტუტის დროს მესაკუთრის მიწის ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება შეიძლება ისე იქნას გამოყენებული, რომ პირს მიეცეს უფლება ისარგებლოს ამ ქონებით ან აკრძალოს ამ ქონების მესაკუთრის მიერ ზოგიერთი ქმედების განხორციელება.

სერვიტუტი არ გამოიყენება მხოლოდ მიწის ნაკვეთზე, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა უძრავ ქონებაზეც, მაგალითად ბინაზე.

სერვიტუტის დროს უმთავრესი პირობაა, რომ უძრავი ქონების მესაკუთრეს შეეძლოს ამ ქონებით გარკვეულწილად სარგებლობა.

სერვიტუტის დადგენის მიმართ გამოიყენება უძრავი ნივთის შეძენისათვის განკუთვნილი წესები, ანუ აუცილებელია წერილობითი ხელშეკრულება და საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.

სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს მხარეთა უფლებებსა და ვალდებულებებს.

სერვიტუტით მოსარგებლე უნდა გაუფრთხილდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ინტერესებს. თუ მიწის ნაკვეთზე არის რაიმე ნაგებობა, მაშინ მოსარგებლეს წარმოეშობა ვალდებულება მოუაროს ამ ნაგებობასაც, მაგრამ შესაძლებელია მხარეთა შეთანხმებით, რომ არ წარმოეშვას მოსარგებლეს ეს ვალდებულება.

ხოლო, რაც შეეხება მესაკუთრეს, მას აქვს უფლება, რომ შენობა ან მისი ნაწილი გამოიყენოს ბინად, თავისთვის ან თავისი ოჯახისთვის. მაგრამ მას არ შეუძლია ამ უფლების სხვა პირებისათვის გადაცემა, ვერც გარიგებით და ვერც მემკვიდრეობით.

ასევე შესაძლოა მიწის ნაკვეთი გაიყოს ორ ან მეტ ნაწილად. ამ შემთხვევაში, მოცემულ მიწის ნაკვეთებზე სერვიტუტი უნდა გაფორმდეს ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, მაგრამ ეს გამოიყენება იმ შემთხვევაში თუ სერვიტუტი არ აუარესებს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მდგომარეობას.

მიწის ნაკვეთის მესაკუთრე დაუბრკოლებლად უნდა სარგებლობდეს უძრავ ნივთზე  ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებებით. იმ შემთხვევაში თუ მესაკუთრეს ხელი შეეშლება თავისი უფლებით სარგებლობაში, მაშინ მას შეუძლია მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა, ასევე მას შეუძლია მოითხოვოს მფლობელობის ხელყოფით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ხოლო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა შეიძლება მაშინაც, როდესაც შეუძლებელია ხელის შეშლის აღკვეთის მოთხოვნა.

ავტორი: ბექა ლობჟანიძე